
მაისის პირველ ორშაბათამდე დღეები გვაშორებს, რაც მოდისა და პოპ-კულტურის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენის მოახლებას ნიშნავს. 2023 წლის მეტ გალა პირველ მაისს, ტრადიციულად, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში გაიმართება. აქვე შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, მეტ გალა საქველმოქმედო ხასიათის საღამო იყო, 1970 წლებიდან კი, ვოგის რედაქტორის, დაიანა ვრილანდის ინიციატივით, ღონისძიებამ სანახაობრივი დატვირთვაც შეიძინა. დღესდღეისობით, მეტ გალა კულტურულ ფენომენად გვევლინება, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ინტერესით ელის.
წლევანდელი მეტ გალას თემა ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის შემოქმედებაა. თემის გათვალისწინებით, ამჯერადაც არსებობს დრესკოდი, რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა წითელ ხალიჩაზე უნდა დაიცვან. სტუმართა სია კი, როგორც ყოველთვის, განხილვის საგანია. ამ სტატიაში გთავაზობთ მოდის, მუსიკის, კინოს და სპორტის იმ ვარსკვლავებს, რომლებსაც უნდა ველოდოთ 2023 წლის Met Gala-ზე.

წელს, ღონისძიების თანაორგანიზატორებად, ანა ვინტურთან ერთად, გვევლინებიან: როჯერ ფედერერი, დუა ლიპა, პენელოპე კრუზი და მიკაელა კოელი. წითელ ხალიჩაზე ღონისძიებას გააშუქებენ Youtube-ის მოდისა და სილამაზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დერეკ ბლასბერგი და ცნობილი ამერიკელი იუთუბერი ემა ჩემბერლინი.


მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ერთი თვის წინ, ამერიკულ პრესაში გავრცელდა „შოკისმომგვრელი“ სიახლე იმის შესახებ, თუ როგორ დაბლოკა ანა ვინტურმა კარდაშიან-ჯენერების ოჯახი მეტ გალადან, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჭორები სიმართლეს არ შეესაბამება. მას მერე, რაც კენდალი ამერიკული Vogue-ის მაისის ნომრის გარეკანზე, კარლ ლაგერფელდის საყვარელ მოდელებთან ერთად მოხვდა, სპეკულაციები იმის შესახებ, რომ სკანდალური ოჯახი მეტ გალადან დაიბლოკა, დასრულდა.

ინსაიდერული წყაროებზე დაყრდნობით, ინსტაგრამზე ერთ-ერთმა ცნობილმა პლატფორმამ, DeuxMoi-მ რომელიც ნდობით სარგებლობს 1.9 მილიონ გამომწერში, გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტნი სპირსი და შაკირა, წელს პირველად დაესწრებიან მეტ გალას. ისინი ღონისძიებაზე ლეგენდარულ იტალიელ დიზაინერთან, დონატელა ვერსაჩესთან ერთად, რაღა თქმა უნდა Versace-ს კოსტიუმებში გამოჩნდებიან. იგივე წყაროს ინფორმაციით,წითელ ხალიჩაზე ვიხილავთ: კარა დელევინს, კრისტენ სიუარტს, ვანესა პარადის, ლილი როუზ დეპს. სტუმართა რიგებში აგრეთვე უნდა ველოდოთ კეი-პოპის წარმატებულ არტისტებს. კორეულ პრესაზე დაყრდნობით, ყველაზე ცნობილი გოგონათა ჯგუფის, Blackpink-ის ოთხივე წევრი მიწვეულია გახმაურებულ საღამოზე. აქვე გეტყვით, რომ ცოტა ხნის წინ, Blackpink ამერიკაში ყველაზე გავლენიანი მუსიკალური ფესტივალის, Coachella-ს ჰედლაინერად მოგვევლინა.

აგრეთვე გთავაზობთ სხვა ვარსკვლავებს, რომლებიც დიდი ალბათობით, დაესწრებიან ღონისძიებას: რიანა და A$AP Rocky, ბიონსე და ჯეი ზი, პრიანკა ჩოპრა, ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი, ზენდეია და ტომ ჰოლანდი, ჟიზელ ბუნდჩენი, კიმ კარდაშიანი, ნიკი მინაჟი, პედრო პასკალი, ფლორენს პიუ, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, ჯენა ორტეგა, Bad Bunny, ჯასტინ და ჰეილი ბიბერები, ჯენიფერ ლოპეზი, მაილი საირუსი.