როდესაც კიმ კარდაშიანი და დემნა 2021 წლის მეტ გალას წითელ ხალიჩაზე ანონიმური შავი ლუქებით წარსდგნენ, ლოგიკურად გაჩნდა კითხვა თუ რა უნდა ჩაეცვა რეალითი შოუს მეგა-ვარსკვლავს მომდევნო ღონისძიებაზე, იმისათვის, რომ ბალენსიაგას სკანდალური კოსტიუმით შექმნილი მღელვარება შეენარჩუნებინა.
დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიმმა ძალისხმევა არ დაიშურა და კიდევ ერთი განხილვადი მომენტი შექმნა.
გასული წლის მსგავსად, კარდაშიანის კოსტიუმის შესახებ ჭორები გალამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. ვარსკვლავმა პატარა მინიშნება თავადაც გააჟღერა, როდესაც გაამხილა, რომ სპეციალურად მეტ გალას კაბისთვის წონის კლების პროცესში იყო.
დემნა Vogue -თან ინტერვიუში: „კიმმა თითქმის ის გააკეთა, რაც მერლინ მონრომ – ხელახლა განსაზღვრა თუ რა არის სილამაზე.“
გამომდინარე იქიდან, თუ რამხელა როლს თამაშობს ქართველი დიზაინერი კარდაშიანის სტილისა და იმიჯის ტრანსფორმაციაში, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დემნას სიტყვებმა კიმზე გარკვეული გავლენა მოახდინა.
ვარსკვლავს მერლინ მონროს 1962 წლით დათარიღებული კოსტიუმი ეცვა.
კაბა “Happy Birthday, Mr President” სახელითაა ცნობილი, გამომდინარე იქიდან, რომ მონრომ ის პრეზიდენტ ჯონ კენედისთვის დაბადების დღის მისალოცად მოირგო. პრეზიდენთან ერთად, Madison Square Garden-ში, მერლინის მისალოც სიმღერას თვალს 15,000 ადამიანი ადევნებდა. საკულტო დიზაინმა ყურადღება მომენტალურად მიიქცია, თუმცა დადებით შეფასებებთან ერთად, კრიტიკაც დაიმსახურა.
კოსტიუმების სახელგანთქმული დიზაინერის, ჯინ ლუისის ეს მშვენიერი ნამუშევარი 1960-იანი წლებისთვის თამამი განაცხადი აღმოჩნდა. მონრო დაახასიათეს, როგორც ვულგარული და გამომწვევი. თუმცა დღევანდელი გადმოსახედიდან, არავინ კამათობს, რომ სწორედ მონრომ ჩაუყარა საფუძველი ხორცისფერი, სხეულზე გამოყვანილი, ე.წ. “Naked Dress”-ის ტრენდს, რომლის პოპულარობაც კლების მაგივრად იმატებს.

2016 წელს, რობერტ რიფლის სახელობის “Believe It or Not” მუზეუმმა კაბა 4.8 მილიონ დოლარად შეიძინა. რითიც მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ეს იყო ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული კაბა, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.
მას შემდეგ, კაბა მუზეუმში სპეციალურ პირობებში ინახება. მისი უმნიშვნელო დეტალის შეცვლაც კი, დაუშვებელია. გამომდინარე აქედან, თუ ვინმე მოინდომებს კაბის ჩაცმას, მერლინის 1962 წლის პარამეტრებსა და ზომებს იდეალურად უნდა მოერგოს.
როგორც კარდაშიანმა ვოგთან ინტერვიუში აღნიშნა,7 კილოგრამის დაკლება მოუწია ლუქისთვის, რომელიც ერთი საათიც არ ეცვა. ორიგინალი კაბა ვარსკვლავმა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე მოირგო, წვეულებას კი, რეპლიკით შეუერთდა.