ამერიკული ვოგი 2022 წლის მეტ გალას შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს. Met Gala, რომელიც ტრადიციულად, მაისის პირველ ორშაბათს იმართება, შარშან 13 სექტემბერს მოეწყო. ეს განპირობებული იყო არასტაბილური პანდემიური რეალობით. წელს, მეტ გალას ტრადიცია აღარ დაირღვევა და ღონისძიება კვლავ მაისის თვის პირველ ორშაბათს გაიმართება. შესაბამისად, 2022 წლის 2 მაისს, მსოფლიო მოდის და კულტურის ყველაზე გავლენიანი ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე ისევ შეიკრიბებიან.

ჩვენი მკითხველისთვის ცნობილია, რომ ყოველწლიურად, Met Gala-ს აქვს თემა. სწორედ თემის გათვალისწინებით ხდება იმ დიზაინერების შერჩევა, რომელთა სამოსიც იქნება გამოფენაზე წარმოდგენილი. რაც შეეხება წითელ ხალიჩას, ისევ და ისევ თემიდან გამომდინარე, არსებობს „დრესკოდი,“ რომელიც მიწვეულმა სტუმრებმა უნდა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, მეტ გალას ისტორიაში პირველად, ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თემა 2 ნაწილად გაეყოთ. 2021 წლის Met Gala-ს თემად შეირჩა, “ამერიკული მოდის ლექსიკა” და ის ორიენტირდა თანამედროვე ამერიკულ მოდაზე, ხოლო 2022 წლის მეტ გალას თემაა “ამერიკული მოდის ანთოლოგია”.

2022 წლის მეტ გალა ამერიკულ მოდას ისტორიულ ჭრილში წარმოადგენს. ყურადღება დაეთმობა არა მხოლოდ დღეს აქტუალურ ბრენდებს, არამედ წარსულში მნიშვნელოვან მომენტებს, დაუსრულებელ ამბებს, მოვლენებს, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა ამერიკული მოდა განსხვავებული, კიდევ უფრო საინტერესო კუთხით განევითარებინათ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თემა პოლიტიკურიცაა, რადგან ის პრობლემური წარსულის გადახედვასაც გულისხმობს, აგრეთვე – წლების განმავლობაში “დაკარგული” ისტორიების ხელახლა გაზიარებას. ამერიკული მოდის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ძველი ჰოლივუდის გლამურულ ესთეტიკასაც, რომელსაც ბრწყინვალედ წარმოაჩენენ ტომ ფორდი, მაიკლ კორსი და რალფ ლორენი. გამომდინარე აქედან, უნდა ვივარაუდოთ, რომ წითელ ხალიჩაზე ისინი ყველაზე მოთხოვნად დიზაინერებს შორის იქნებიან.

2022 წლის მეტ გალას საინტერესოს თანაორგანიზატორების შემადგენლობაც ხდის. ბლეიკ ლაივლი, რაიან რეინოლდსი, რეჯინა ქინგი, ლინ-მანუელ მირანდა, ტომ ფორდი, ადამ მოსერი – ეს იმ ვარსკვლავების ჩამონათვალია, რომლებიც ანა ვინტურთან ერთად, ღონისძიების სრულყოფაზე იზრუნებენ.