ამერიკულმა Vogue-მა კოსტიუმების ინსტიტუტის 2024 წლის გამოფენის თემა დაასახელა. “მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება” – სწორედ ამ სახელწოდებით მოეწყობა 2024 წლის გამოფენა. კოსტიუმების ინსტიტუტს და მის ყოველწლიურ თემატურ გამოფენას უკავშირდება მოდასა და პოპ-კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, სანახაობრივი და ძვირადღირებული საღამო – Met Gala, რომელიც 1948 წლიდან, ტრადიციულად მაისის პირველ ორშაბათს, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში იმართება. კოსტიუმების ინსტიტუტის თემა განსაზღვრავს Met Gala-ს წითელი ხალიჩის დრესკოდსაც. Vogue-ის განცხადებაში ვკითხულობთ: „კოსტიუმების ინსტიტუტის მუდმივი კოლექციიდან ამოღებულია დაახლოებით 250 ნივთი – ზოგიერთი მათგანი ძალიან იშვიათია და საზოგადოებას არც უნახავს – ისინი გამოიფინება სრულიად ახალი გზით.“ „ეს ინოვაციური გამოფენა ჩვენი ფანტაზიის საზღვრებს გაცდება და მოგვიწოდებს განვიცადოთ ნამუშევრების მრავალი ასპექტი, გავიგოთ მეტი მათი ისტორიის შესახებ და საბოლოოდ, კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ მათი სილამაზე.“

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, როგორც მე-17 საუკუნის ინგლისური სამკერვალო ნამუშევრები, აგრეთვე 21-ე საუკუნის დიზაინერების შექმნილი ნივთები.

“მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება” – ეს არის თემა, რომელიც დიზაინერებსა და მათ მუზემს შესაძლებლობას მისცემს აქამდე უცნობი, თუ მივიწყებული, საჯაროდ არც თუ ისე ხშირად ნანახი ან/დაც იშვიათი ნამუშევრები ახლებული და კიდევ უფრო მშვენიერი გზით წარმოაჩინონ – გააღვიძონ და ხელახლა აღმოაჩინონ მათი სილამაზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ ვინ მოირგებს ღონისძიების თანაორგანიზატორის როლს და იმუშავებს ანა ვინტურთან ერთად, 2024 წლის The Met-ის გამოფენისა და გალა საღამოს სრულყოფაზე.