ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი გასულ საღამოს, ლოს-ანჯელესში გამართულ LACMA Art+Film გალაზე იმყოფებოდა. მატილდას გუჩის ვერცხლისფერი კაბა ამშვენებდა. LACMA Art+Film გალა უკვე მეცამეტე წელია იმართება და მისი მიზანი ლოს-ანჯელესის ხელოვნების მუზეუმის ფონდის მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ღონისძიების უცვლელი სპონსორი იტალიური მოდის სახლი გუჩია.
გვარლიანი Gucci-ს ერთ-ერთი საყვარელი სახეა. ქართველ მოდელს ხშირად ვხედავთ ბრენდის ჩვენებებსა და სარეკლამო კამპანიებში.
LACMA Art+Film -ზე მატილდასთან ერთად, სხვა ტოპ მოდელებიც იყვნენ მიწვეულნი, მათ შორის: ვიტორია ჩერეტი, კარა დელევინი და ემილი რათაკოვსკი. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოპ-კულტურის ისეთი ცნობადი სახეებიც, როგორებიც არიან: ლეონარდო დიკაპრიო, კიმ კარდაშიანი, ბლეიკ ლაივლი და ა.შ.