მოდის სწრაფი ტემპის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “მარჯიელას” ბოლო ნამდვილი ჩვენება ვიხილეთ, პოდიუმით, მოდელებით, მიწვეული სტუმრებითა და მოდის შოუს ყველა იმ ასპექტით, რომელიც მას ამდენად საინტერესოს და ამაღელვებელს ხდის. თუმცა ცოტა ხნის წინ, მარჯიელას გუნდი ახალ შენობაში გადავიდა, რომელიც პარიზში, Place des États-Unis-ის ქუჩაზე მდებარეობს და ბრენდის კრეატიულ დირექტორს, ჯონ გალიანოს კარგი მიზეზი მიეცა იმისათვის, რომ ბრენდის ახალი სახლი შესაბამისი „წვეულებით“ აღენიშნა.
ჩვენება პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის დახურვის შემდეგ, ოტ-კუტიურ მოდის კვირეულის გახსნამდე გაიმართა. ლეგენდარულმა ჯონ გალიანომ მარჯიელას 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარადგინა, რომელიც გალიანოს მრავალფეროვანი წარმოსახვის კიდევ ერთი მშვენიერი გამოხატულება იყო. ოტ-კუტიურისათვის დამახასიათებელი არაორდინალური მოდელები, ყოველდღიურ Ready-to-wear ხაზისთვის გათვლილ დეტალებს ენაცვლებოდა და ერთიანობაში საინტერესო სინთეზს ქმნიდა.



გალიანოს სიყვარული ისტორიისადმი ახალ კოლექციაშიც ადვილი შესამჩნევია. ამჯერად, იგი პოდიუმზე 1960-1980-იანი წლების ახალგაზრდული მეამბოხე ენერგიის გადმოტანას შეეცადა. პანკ-კულტურის რეფერენსებით გალიანომ შოუს მხიარული ენერგია შემატა, მატყლის წარმოებით სახელგანთქმულ კომპანია, Pendleton-თან თანამშრომლობით კი, პოდიუმზე შემოდგომის სეზონისთვის შეუცვლელი მოდელებიც წარმოადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც ჯონ გალიანო გახდა “მარჯიელას” შემოქმედებითი დირექტორი, ბრენდის კოლექციებში მარტინ მარჯიელას მემკვიდრეობას შესამჩნევად ჭარბობს თავად გალიანოს გემოვნება და ხელწერა, ჯონი ბრენდის დამფუძნებლისადმი პატივისცემის გამოხატვას მაინც ახერხებს. ახალ კოლექციაშიც, ე.წ. „დაუსრულებელი“ მოდელები მარტინის მოდისადმი მოდგომებს გვახსენებს.


შოუს განსაკუთრებულს მოდელების პროფესიონალიზმი და სახასიათო სიარულის მანერაც ხდიდა. გერმანელი მოდელის, ლეონ დამის თეატრალური „ქეთვოქით“, მარჯიელას ახალი ჩვენება ამაღლებულ ნოტაზე დასრულდა.
Maison Margiela შემოდგომა/ზამთარი 2023