Lyst Index გლობალური პლატფორმაა, რომელიც სწავლობს საერთაშორისო ბაზარს და მასში არსებულ 12,000-ზე მეტ ბრენდს. კვლევები თითქმის 200 მილიონი მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვებით იქმნება და წარმოაჩენს ზოგად სურათს თანამედროვე მოდაში გაბატონებულ ტრენდებსა თუ მდგომარეობაზე. ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს, Lyst Index-ის გასული 12 თვის შემაჯამებელ რეპორტს აქვეყნებს. 2022 წლის ანგარიში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა. გთავაზობთ ყველაფერს, რაც უნდა იცოდეთ.


Miu Miu წლის ბრენდია

მიუ მიუს პოპულარობა წელს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, საკმარისია გავიხსენოთ დაბალწელიანი მინი-კაბა 2022 წლის ზაფხულის კოლექციიდან, რომელიც ინტერნეტ-სენსაციად იქცა, აგრეთვე – “ბალერინას ფეხსაცმელებს”, ეს უკანასკნელი The Lyst Index-ის მესამე კვარტლის რეპორტში ქალებისთვის ყველაზე სასურველ პროდუქტად დასახელდა.


წლის ლოგო – Diesel

გლენ მარტენსის პირველი კოლექციის ჩვენება Diesel-ისთვის მიმდინარე წლის თებერვალში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. მას შემდეგ, ბრენდისადმი ყურადღება განსაკუთრებით გაიზარდა. ტრენდული აქსესუარების დახმარებით, Diesel-ის ლოგო მომენტის მოდური განაცხადი გახდა.


წლის ვირუსულად გავრცელებული მომენტი – ბელა ჰადიდი Coperni-ის პოდიუმზე

პარიზის მოდის კვირეულის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ბელა ჰადიდი ბრენდებისთვის ყველაზე სასურველი სახე იყო. თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი, რა თქმა უნდა, კოპერნის შოუ გახდა. ჩვენების ფინალში, ბელას კაბა სპეციალური სპრეის დახმარებით, მაყურებლის თვალწინ საკმაოდ ორიგინალური გზით შეიქმნა.


წლის ფეხსაცმელი – Birkenstock‘s Boston Clogs

მიუ მიუს “ბალერინას ფეხსაცმელების” მსგავსად, მთელი წლის განმავლობაში, თვალსაჩინო იყო Birkenstock-ის ამ მოდელის მიმართ ინტერესის ზრდა. ჯერ კიდევ ხუთი თვის წინ, The Lyst Index-ის რეპორტებში ვკითხულობდით, რომ Boston Clogs მყიდველებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.


წლის კოლაბორაცია – Jacquemus x Nike

The Lyst Index-ის დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ 2022 წელი კოლაბორაციებით დატვირთული იყო, არცერთ მათგანს არ გამოუწვევია მოდის მოყვარულებში ისეთი მღელვარება, როგორიც ახალგაზრდა ფრანგი დიზაინერის და სპორტული გიგანტის თანამშრომლობას. სიახლის გავრცელებიდან პირველ 24 საათში, Jacquemus x Nike-ის შესახებ ინფორმაციას 50,000-ზე მეტი ადამიანი ეძებდა.


წლის ჩანთა – Prada‘s Re-nylon Mini Bag

ტიკტოკის და ჯენ-ზის დახმარებით, წელს პრადას ამ კონკრეტულ აქსესუარზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. მხოლოდ ტიკტოკზე პრადას მინი-ჩანთა 4.2 მილიონმა ადამიანმა ნახა. გუგლის საძიებო სისტემაში კი, აქსესუარის ძებნის მაჩვენებელმა 131%-ით იმატა.


წლის ჩვენება – Balenciaga Couture

მიუხედავად ბოლო კვირებში ბრენდის გარშემო განვითარებული სკანდალისა, კვლევის თანახმად, ივლისში გამართული ოტ კუტიურ შოუ მოდაში წლის მთავარი ჩვენება იყო. პირველ 24 საათში ბრენდის მიმართ ინტერესი 525%-ით გაიზარდა.