თანამედროვე მოდის სამყარო დინამიურობით, გაბედული ნაბიჯებითა და მუდმივად სიახლისაკენ სწრაფვით გამოირჩევა. ამ სფეროში უამრავ კოლაბორაციას ვადევნებთ თვალს, რაც ინდუსტრიას კიდევ უფრო მრავალფეროვანს და არაპროგნოზირებადს ხდის. როდესაც გამორჩეული კონცეფციისა და დიდი ისტორიის მატარებელი ბრენდი წარმატებულ და ნოვატორ დიზაინერთან იწყებს თანამშრომლობას, ეს იმას ნიშნავს,  რომ წინ საინტერესო კოლექციები და კრეატიული კამპანიები გველის. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე Diesel-ისა და გლენ მარტენსის  შემთხვევაში. 

გლენ მარტენსი

Diesel-მა გლენ მარტენსი კრეატიულ დირექტორად 2020 წელს წარადგინა. ამ მომენტიდან უკვე  ვიცოდით, რომ ბრენდი თავის ხანგრძლივ ისტორიაში, ახალი თავის წერას შეუდგა. გლენ მარტენსის სახელს მრავალი წარმატება უკავშირდება, მათ შორის არის  Y/PROJECT – ფრანგული ბრენდი ორიგინალური კონცეფციით, რომლის შემოქმედებითი ხელმძღვანელი სწორედ მარტენსია. აღსანიშნავია, რომ Diesel-თან გახმაურებული კონტრაქტის შემდეგ, მარტენსმა შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობა Y/PROJECT -შიც შეინარჩუნა. შესაბამისად, ბელგიელი გლენ მარტენსი დიზაინერთა იმ ძალიან მცირე წრეს შეუერთდა, რომლებიც დროის ერთ მონაკვეთში, მოდის ორ ცნობილ კომპანიასთან თანამშრომლობენ.

გლენ მარტენსის თანამშრომლობა Diesel-თან საკმაოდ ამაღელვებელი სიახლეა, თუმცა, ამავდროულად  – ორგანულიც. ბრენდს და მის ამჟამინდელ შემოქმედებით ხელმძღვანელს მომავლის ხედვა და სიახლეებისაკენ სწრაფვა აერთიანებს. ამასთან ერთად, მარტენსს “დიზელთან”  რეალური მოგონებები და ემოციური კავშირი აქვს, რაც მის მოღვაწეობაზე აუცილებლად დადებითად აისახება.

Vogue-სათვის მიცემულ ინტერვიუში დიზაინერი ბრენდის 1995 წლის კამპანიას იხსენებს – “როდესაც  სკოლაში ვსწავლობდი, მახსოვს, ყველას სურდა სცმოდა Diesel. მაღაზიაში შეგეძლო კატალოგი დაგეთვალიერებინა, სწორედ ერთ-ერთი ასეთი მისვლისას აღმოვაჩინე, რომ ყდაზე გეი წყვილი იყო აღბეჭდილი. ეს მაშინ ძალიან რევოლუციური მიდგომა იყო და საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე”. 

Diesel-ის 1995 წლის კამპანიას მოდის გავლენიანი გამოცემებიც ხშირად იხსენებენ. გენდერული, თუ რასობრივი მრავალფეროვნება, პიროვნების იდენტობის უპირველეს პრიორიტეტად აღიარება – ის, რაც დღეს თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია, წლების წინ საკმაოდ გამბედავი ნაბიჯი იყო ყველა ბრენდისათვის, თუმცა, ამ ღირებულებებით Diesel ერთ-ერთი პიონერია. სწორედ ამ მიდგომით, ბრენდმა ახალგაზრდა, თუმცა, მოდის სამყაროში უკვე ავტორიტეტულ დიზაინერს დიდი თავისუფლება მისცა. მარტენსი კი, თავის მხრივ, მოდაში დამკვიდრებული ჩარჩოების გადალახვას აგრძელებს და უამრავ საინტერესო სიახლეს გვპირდება. 

2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გლენ მარტენსის პირველი სრულყოფილი ნამუშევარია Diesel-ის ახალი კრეატიული  ხელმძღვანელის როლში – ეს არის მისი შემოქმედებითი ხედვის და ბრენდის საკულტო დენიმის შთამბეჭდავი სინთეზი.

კოლექცია თავისუფლებისა და ინდივიდუალური სტილის მოყვარული ადამიანებისათვის შეიქმნა. უნდა აღინიშნოს, რომ დიზელის მომხმარებელთა აუდიტორია საკმაოდ ეკლექტურია – მათ ერთმანეთისგან  განასხვავებთ ინტერესები, ცხოვრების სტილი, საქმიანობა, ჰობი. თუმცა, მიუხედავად ამ მრავალფეროვნებისა, ახალი კოლექცია ყველა მათგანის გემოვნებას ზუსტად ერგება. 

რამდენიმე წელია, Diesel  ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად  არის წარმოდგენილი. 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პირველი ნაწილიც უკვე საქართველოშია. მომავალი თვეების განმავლობაში,  ქართველ მომხმარებელს თავად  ექნება შესაძლებლობა, შეარჩიოს საკუთარი სტილის შესაფერისი სამოსი. საქართველოში Diesel-ის ბრენდი ამჟამად ორ სივრცეს აერთიანებს –  მაღაზიები ჭავჭავაძის 50 ნომერსა  და “სითი მოლი საბურთალოს” მეორე სართულზე მდებარეობს.