თუ მოდის ინდუსტრიაში კარიერის დაწყებაზე ან განვითარებაზე გიფიქრიათ, ალბათ ერთხელ მაინც დაგისვამთ საკუთარი თავისთვის კითხვა: რომელ მოდის სახლში ვისურვებდი მუშაობას? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, The Business of Fashion-მა, 93 ქვეყნიდან, 1,173 მოდის პროფესიონალსა და მომავალ პროფესიონალს ჰკითხა, რომელ კომპანიაში ისურვებდნენ ყველაზე მეტად მუშაობას. გამოკითხვამ საინტერესო სურათი აჩვენა. რეიტინგის სათავეში კვლავ ყველაზე პრესტიჟული სახელებია, თუმცა სიაში რამდენიმე მოულოდნელი არჩევანიც გვხვდება.

პირველ ადგილს Chanel იკავებს, მას Hermès და Dior მოსდევენ. ოთხეულში ასევე ვხვდებით Prada-ს, მეხუთე პოზიციაზე კი Louis Vuitton-ია. ბუნებრივია ამ შედეგს გასაკვირს ვერ ვუწოდებთ, გამოკითხვის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვნად რჩება ბრენდის რეპუტაცია, ძლიერი მემკვიდრეობა, ფინანსური სტაბილურობა და კარიერული განვითარების შესაძლებლობები. საინტერესოა ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება დასაქმებულებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ყველაზე სასურველ კომპანიებს ადამიანები პირველ რიგში პრესტიჟთან და პროფესიულ შესაძლებლობებთან აკავშირებენ.

(c) Chanel

რეიტინგის მეორე ნახევარში სურათი უფრო მრავალფეროვანი ხდება: მეექვსე ადგილს Patagonia იკავებს, შემდეგ მოდიან Ralph Lauren, Loewe, Bottega Veneta და Schiaparelli. Patagonia-სა და Loewe-ს მოხვედრა ათეულში განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან კვლევის მიხედვით, რესპონდენტები სულ უფრო მეტად აფასებენ ბრენდებს, რომლებსაც მკაფიო იდენტობა, საკუთარი ხედვა და კონკრეტული ღირებულებები აქვთ. ამავდროულად, BOF-ის კვლევა გვახსენებს, რომ ის, თუ რამდენად სასურველად აღიქმება კომპანია გარედან, ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ მისი შიდა სამუშაო გარემოც ისეთივე იდეალურია.

საბოლოოდ, ეს ათეული მხოლოდ ყველაზე ცნობილ მოდის სახლებში მუშაობის სურვილს არ ასახავს – ის გვაჩვენებს, როგორი დამსაქმებლის პოვნა სურთ დღეს მოდაში დასაქმების მსურველებს. მემკვიდრეობა და პრესტიჟი კვლავ მნიშვნელოვანია, თუმცა მათ გვერდით სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ბრენდის კულტურა, ღირებულებები, განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობები. შესაბამისად, კითხვა „რომელ მოდის სახლში ისურვებდით მუშაობას?“ შესაძლოა იმაზე მეტს ამბობდეს, ვიდრე უბრალოდ სასურველი სამსახურის არჩევანი – ის გვიჩვენებს, როგორი მომავლის შექმნა სურს ახალ თაობას.