პარიზის მაღალი მოდის კვირეულის 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი სკიაპარელის ჩვენებით გაიხსნა. ეს უკვე ტრადიციაა, რომელსაც საფრანგეთის მოდის ფედერაცია არ ღალატობს. ამერიკელი დიზაინერის, დენიელ როუზბერის ახალი კოლექციის სანახავად პარიზში საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები და პოპ-კულტურის ვარსკვლავები შეიკრიბდნენ, მათ შორის იყვნენ ჯენიფერ ლოპეზი და ზენდეია.

მას შემდეგ, რაც სკიაპარელის შემოქმედებით დირექტორად დენიელ როუზბერი დაინიშნა, ბრენდის კოლექციები განსაკუთრებული მოწონებითა და ყურადღებით სარგებლობს, თუმცა ახალ სეზონზე, პრესის მთავარი განსახილველი თემა არა კოლექცია, არამედ ახლადგავრცელებული ჭორია, ამ ისტორიული მოდის სახლის მომავალზე.

ვრცელდება ხმები, რომ მოდის უდიდესი კონგლომერატი, LVMH, რომელსაც სათავეში უდგას მსოფლიოს მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, ბერნარ არნო, დაინტერესებულია სკიაპარელის შეძენით. ხმებს დამაჯერებელს ისიც ხდის, რომ დღეს გამართულ ჩვენებას ესწრებოდნენ LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორები, სიდნი ტოლედანო და მაიკლ ბურკი. “მე და დიეგო ძველი მეგობრები ვართ,” – განაცხადა მაიკლ ბურკმა სკიაპარელის ამჟამინდელ მფლობელ დიეგო დელა ვალეზე. რაც შეეხება ტოლედანოს, მან დენიელ როუზბერი დაახასიათა, როგორც “ძალიან საინტერესო დიზაინერი.”