LVMH – მა სამკაულების ამერიკული ბრენდის Tiffany & Co. – ს შესყიდვაზე უარი თქვა. შარშან, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, LVMH – ის და Tiffany & Co. – ის გარიგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, რომლის თანახმადაც ფრანგული კონგლომერატი სამკაულების გიგანტ კომპანიას 16,2 მილიარდ დოლარად ყიდულობდა. გასულ კვირას, Tiffany & Co. – მ LVMH -ის წინააღმდეგ ბრალდებები გააჟღერა და ფრანგულ კონგლომერატს სასამართლოში უჩივლა. „ტიფანის“ წარმომადგენლის თქმით, LVMH -ში დათქმული ფასის გადახდისგან თავის არიდებას და მის დაწევას ცდილობდნენ.

პანდემიამ კვალი მთელ ინდუსტრიას დაატყო, გაყიდვების კლებაზე საუბრობენ, როგორც ახალბედა, აგრეთვე შემდგარი ბრენდების გენერალური დირექტორები. კრიზისი შეეხო Tiffany & Co. – საც, რომლის გაყიდვები და საბაზრო ღირებულება 2020 წელს, კორონავირუსის პარალელურად, 16,2 მილიარდი დოლარი აღარ არის. უფრო კონკრეტულად, 31 ივლისს მიღებული კვარტლური მონაცემების საფუძველზე „ტიფანის“ გაყიდვები 29 პროცენტით შემცირდა.

ამერიკული ბრენდის ბრალდებებს LVMH – ის პასუხი მოჰყვა, ფრანგულმა კონგლომერატმაც სასამართლოს მიმართა და „ტიფანის“ არაკეთილსინდისიერების და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო უჩივლა.

LVMH -ში, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, ამბობენ, რომ შესყიდვის პროცესის დასრულების ვადის გახანგრძლივებაზე რეკომენდაცია საფრანგეთის მთავრობისგან მიიღეს. კომპანიის მხრიდან ასევე ითქვა, რომ Tiffany & Co. – ს თავად სურდა 24 ნოემბრის ნაცვლად დედლაინი 31 დეკემბრამდე გადაწეულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგული კონგლომერატის განცხადებით, მათ პანდემიის პირობებში „ტიფანის“ მდგომარეობა ყურადღებით შეისწავლეს, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ კონგლომერატში შემავალ სხვა ბრენდებთან შედარებით, Tiffany & Co. – ს პანდემიური კრიზისი უფრო რთულია.

არშემდგარ გარიგებაზე გავრცელებული სკანდალური განცხადებების შემდეგ, ლაგჟერი სეგმენტის პროფესიონალებმა Tiffany & Co. – ს მდგომარეობის შეფასება დაიწყეს. როგორც ვკითხულობთ, Tiffany – სთვის 16.2 მილიარდიანი შეთანხმება გაფართოების ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო, თუმცა LVMH – ის გარეშეც, ბრენდი შეძლებს ჩვეულ მდგომარეობაში არსებობის გაგრძელებას.

Tags :