Luar-ის რაულ ლოპეზი, რომელიც ნიუ-იორკში, უილიამსბურგში გაიზარდა, ახალ კოლექციას საკუთარ წარსულს უძღვნის. “ჩვენთვის სამოსის თაობიდან თაობისთვის გადაცემას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,” ამბობს დიზაინერი, “ახლაც, ტანსაცმლის შექმნისას ამაზე ვფიქრობ, რომ ჩემს ნივთებს მყიდველები მომავალ თაობას გადასცემენ, როდესაც ამის დრო მოვა.” აღსანიშნავია, რომ ახალ კოლექციაში, კლასიკური ჭრები ძლიერ სილუეტებთანაა შეხამებული, რაც სამოსის მარადიულობას განაპირობებს.
მაიკლ კორსის ახალი კოლექცია მისთვის ჩვეული საბაზისო ლუქსის ახალი ვერსიაა. კორსის მომხმარებლებმა იციან რა სურთ ბრენდისგან, ხოლო კორსმა იცის, რა შესთავაზოს მათ. როგორც ყოველთვის, კოლექცია ძალიან კარგადაა შექმნილი და სტილიზირებული. ამასთან, პოდიუმზე ვარსკვლავური მოდელების ქასთის ხილვა ყოველთვის ამაღელვებელია.
Michael Kors შემოდგომა/ზამთარი 2023
თომ ბრაუნმა CFDA-ს ახალი თავმჯდომარის ამპლუაში, კოლექცია პირველად წარადგინა. ამერიკული კონცეპტუალური მოდის მეფის წარმოსახვა ამჯერად ავიაციის გარშემო ტრიალებს. პოდიუმზე ასევე უხვადაა მისთვის ტრადიციული კილტები და ტარტანი, თუმცა ასევე აღსანიშნავია კოლექციის მეორე ლუქი, რომელზეც მოდელი ამაყად ატარებს პიჯაკის მხარზე ოთხ თეთრ ზოლს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზოლების გახმაურებულ საქმეზე, ამერიკელმა დიზაინერმა ადიდასს სასამართლო დავა მოუგო.
Thom Browne შემოდგომა/ზამთარი 2023