
წარმოშობით თურქი, ლონდონში მოღვაწე დიზაინერის, ერდემ მორალიოღლუს ხელწერა საკმარისად მრავალფეროვანია საიმისოდ, რომ ვიწრო ჩარჩოში მოექცეს. თუმცა მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, არსებობს ტანისამოსის სტილი და კულტურა, რომელიც Erdem -ის ბრენდისათვის უცხოა. ბოლოს როდის შეგვეძლო ერდემის კოლექცია აღგვეწერა, როგორც გოთიკური, ან სულაც – გრანჟი?!
2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შოუ ბნელ და მისტიკურ ლოკაციაზე შავი ლუქებით გაიხსნა. ვიქტორიანული სილუეტებითა და კლასიკური ფორმებით ცნობილი დიზაინერის ნამუშევარს ჯეინ რიჩარდონის მაკიაჟი კიდევ უფრო დრამატულს ხდიდა. ატმოსფეროში კი, მართლაც ერდემისთვის უცხო ენერგია სუფევდა.



კრისტოფერ კეინისთვის 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონი ნოსტალიუგი გამოდგა, რამდენადაც დიზაინერმა გადაწყვიტა ბავშვობას დაბრუნებოდა – 80-იანი წლების გლაზგოს და ქალებს, რომელთა ჩაცმის სტილსაც ყოველდღიურად ადევნებდა თვალს.
როგორც სილუეტებში, აგრეთვე კოლექციის ზოგად ტონალობაში, რომელშიც თვალსაჩინო როლს ნაცრისფერი ასრულებს, სამუშაო უნიფორმების გავლენა შეიმჩნევა. დიზაინერის განმარტებით, მისი შთაგონება 80-იანი წლების საშუალო ფენის ქალების გარდერობიდან მომდინარეობდა და არა უკიდურესად გლამურული ვარსკვლავური სამყაროდან. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად ნოსტალგიური და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველმოდური ინსპირაციისა, ჩვენება მაინც ხასიათდება სექსუალურობით.
Christopher Kane შემოდგომა/ზამთარი 2023



”ვფიქრობ, უფრო მინიმალისტურ ფაზაში შევდივართ,”- აღნიშნა ნენსი დოჯაკამ ჩვენების დასრულების შემდეგ. ქალის თეთრეულით შთაგონებული კოლექციებით, ნენსიმ მოკლე დროში მოიპოვა პოპულარობა. თუმცა მიუხედავად სექსუალური და შიშველი მოდელებისა, მისი ბრენდის ხელწერაში მინიმალიზმს მნიშვნელოვანი როლი უკავია.
ახალი კოლექცია, გასული სეზონების მსგავსად, გამოირჩევა თამამი სილუეტებითა და განსხვავებული ჭრებით, თუმცა ამჯერად, პოდიუმზე წარმოდგენილი იყო კაბები, რომლებიც სრულად ფარავდა სხეულს, აგრეთვე, რთულია არ შევამჩნიოთ დენიმი, რომელიც ნენსის ესთეტიკაში საკმაოდ უცხოა.
ჩვენება გამოირჩეოდა მოდელების ვარსკვლავური შემადგენლობითაც. ფინალური კოსტიუმები წარადგინეს სამოდელო ინდუსტრიის წამყვანმა სახეებმა: ქეროლაინ ტრენტინიმ, მარიაკარლა ბოსკონომ, ადუთ აკეჩმა და იმან ჰამამმა.
Nensi Dojaka შემოდგომა/ზამთარი 2023


