
დიზაინერს, რომელიც შოუს პენისის გრაფიკული ვიზუალით აფორმებს, მორიდებულს ვერ ვუწოდებთ. ჯონათან ანდერსონის ხელწერაში არაფერია ჩვეული, მისი პროვოკაციული ელემენტებისადმი მისწრაფების გარდა. 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის, დიზაინერის შთაგონება შოტლანდიელი ქორეოგრაფი, მაიკლ კლარკი გახდა.
გასული საუკუნის 80-იან წლებში, კლარკი შეეცადა დაერღვია ზღვარი ბალეტს, გეი კლუბურ კულტურას და მოდურ წარმოდგენებს შორის. „გასული წლის სექტემბერში, ჩვენ ვესაუბრეთ მაიკლს, გარკვეული დროის განმავლობაში, ვცდილობდით ერთად რაღაცის გაკეთებას. მისი არქივების შესწავლა დავიწყე, რა დროსაც ვიფიქრე: „სხვის არქივებს ვერ დავათვალიერებ, სანამ საკუთარს არ გადავხედავ.“ გადავწყვიტე, რომ გასული 15 წლის განმავლობაში შექმნილი ყველა კოლექციიდან ამეღო ერთი დეტალი და გამეერთიანებინა ახალი ჩვენებისთვის,“ – აღნიშნა დიზაინერმა ვოგთან საუბრისას.
JW Anderson შემოდგომა/ზამთარი 2023



სიმონ როშას ახალი კოლექციის სანახავად სტუმრები ლონდონის Westminster Central Hall-ში შეიკრიბნენ. მამაკაცის ხაზის წარმატებული დებიუტის შემდეგ, რომელიც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე შედგა, ახალგაზრდა დიზაინერმა მორიგი ძლიერი განაცხადი გააკეთა. კოლექციის საწყისი წერტილი და მთავარი ინსპირაცია კელტური რიტუალებიდან მომდინარეობდა, რაც ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევი იყო, თუმცა იქვე ვხვდებით ბრიტანული სამეფო კულტურისთვის დამახასიათებელ ელემენტებს, სამკერდე ნიშნებს და მაქმანებიან მოცულობით კაბებს.
Simone Rocha შემოდგომა/ზამთარი 2023



მიუხედავად იმისა, რომ ჰარის რიდმა ახალი კოლექციის პრეზენტაცია მოდის კვირეულის ოფიციალური კალენდრის მიღმა გამართა, თანაც მხოლოდ 10 კოსტიუმით, ლონდონში ახალგაზრდა დიზაინერის ნამუშევრის მიმართ უყურადღებობა არ შეიმჩნევა.
მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული დღეების განმავლობაში, Harris Reed-ის მიმართ არსებული მღელვარება გვარწმუნებს, რომ იგი მართლაც არის ბრიტანული მოდის ახალი ვარსკვლავი. გარდა იმისა, რომ ახალი კოლექცია გამოირჩეოდა კუტიურისათვის დამახასიათებელი ოსტატობით, ჰარისს განსაკუთრებულს მისი ახალი როლიც ხდის. გასულ წელს, რიდი Nina Ricci-ს შემოქმედებით დირექტორად დასახელდა, სადებიუტო შოუ კი, თვის ბოლოს, პარიზის მოდის კვირეულზე იგეგმება.
Harris Reed შემოდგომა/ზამთარი 2023


