
ლუევეს კრეატიული დირექტორის, ჯონათან ანდერსონის ბოლოდროის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი და დასამახსოვრებელი კოლექცია გაყიდვაშია.
პიქსელის მაისური პირველად პოდიუმზე გასული წლის სექტემბერში, 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუზე ვიხილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელი დიზაინერის უცნაურად ბრწყინვალე გონება ხშირად გვაოცებს და მისგან შეჩვეულებიც კი ვართ არასტანდარტულ აზროვნებას, რომელიც იდეალურად ერგება თანამედროვე ინტერნეტისა და მიმების კულტურას, იგი ყოველჯერზე მაინც ახერხებს საზოგადოების აღფრთოვანებას. პიქსელის სვიტერი და შარვალი სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.

ბრენდმა გახმაურებულ ლუქთან ერთად, მომხმარებელს პიქსელის სრული კაპსულა კოლექცია შესთავაზა, რომელიც ასევე მოიცავს Puzzle Bag-ს. ჩანთა, რომელიც ანდერსონმა ლუევეში 2014 წელს შექმნა, გასული დეკადის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად აქსესუარად იქცა. მეტიც, Puzzle Bag ანდერსონის პირველი საერთაშორისოდ წარმატებული დიზაინი იყო ლუევეს კრეატიული ხელმძღვანელის ამპლუაში.





კოლექციის შეძენა შესაძლებელია როგორც ბრენდის მაღაზიებში, აგრეთვე ოფიციალურ ვებ-საიტზე – Loewe.com.