Givenchy, Bvlgari, Chanel, Bottega Veneta, Gucci – ეს იმ ბრენდების ჩამონათვალია, რომელთა ახალ 2023 წლის სარეკლამო კამპანიებს გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი, ლიუ ვენი ამშვენებს. გარდა კამპანიებისა, ლიუ დომინირებს მაღალი მოდის პოდიუმსაც. გასულ თვეებში, ვენი ვიხილეთ ვერსაჩეს, პრადას, ალაიას, ბალენსიაგას, ლუევეს, სკიაპარელის და სხვა ათობით ცნობილი მოდის სახლის ჩვენებაზე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მოდა არის ინდუსტრია, სადაც მოდელები ტრენდებივით იცვლებიან და ხშირად, აქტუალურობას მხოლოდ რამდენიმე სეზონი ინარჩუნებენ, სადებიუტო სეზონიდან მე-17 წელს, ლიუ ვენის დატვირთული პორტფოლიო კიდევ ერთხელ ამყარებს ბევრჯერ გაჟღერებულ მოსაზრებას, რომ ვენი არის ჩინეთის პირველი ნამდვილი სუპერმოდელი.

ლიუ დაიბადა სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში მდებარე პროვინცია ჰუნანში,1988 წლის 27 იანვარს. სამოდელო კარიერაში თავისი პირველი ნაბიჯები 2005 წელს გადადგა, როდესაც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი სამოდელო სააგენტო, ‘’New Silk Road World Models“-ის კონკურსში. მიუხედავად იმისა, რომ კონკურსში ვერ გაიმარჯვა, ლიუმ შეთავაზება მიიღო დედაქალაქიდან და მოდელობის გასაგრძელებლად პეკინში გადავიდა. 2007 წელს, ვენი გადაიღეს „ვოგის“ და „კოსმოპოლიტანის“ ჩინური გამოცემებისთვის, რამაც მას კარი გაუხსნა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიისაკენ. ვენის ფოტოსესიებმა პარიზული სამოდელო სააგენტოების ყურადღება მიიქცია და იმავე წლის სექტემბერში, ვენმა პირველი კონტრაქტი გააფორმა ევროპულ სამოდელო სააგენტოსთან.

2008 წელს, ახალგაზრდა ჩინელი მოდელი პირველად გამოვიდა ევროპაში მოდის კვირეულზე. ლიუ ბრიტანულმა ბრენდმა Burberry-იმ შეარჩია. სადებიუტო შოუდან ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, ვენი პოდიუმის სენსაციად იქცა, მან ერთ თვეში, ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში, 74 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო ყველა ის ცნობილი მოდის სახლი, რომლის შესახებაც გსმენიათ. მაღალი მოდის პოდიუმზე დამაჯერებელი სეზონის შემდეგ, ლიუ შეარჩიეს Victoria’s Secret-ის გახმაურებულ შოუსთვისაც. შედეგად ვენი გახდა პირველი აზიელი მოდელი, რომელმაც Victoria’s Secret-ის პოდიუმზე გაიარა.

2010 წელს ლიუს ფოტოები გამოჩნდა კელვინ კლეინის, დოლჩე & გაბანას, რობერტო კავალის, ჰუგო ბოსის  და სხვა გლობალური ბრენდების ბილბორდებზე, რასაც მოჰყვა კიდევ ერთი ერთი მნიშვნელოვანი კონტრაქტი – Estée Lauder-მა ვენი გლობალურ ამბასადორად წარადგინა. ლიუ კიდევ ერთხელ შევიდა ისტორიაში, ამჯერად როგორც Estée Lauder-ის პირველი აზიელი სახე. შთამბეჭდავი წარმატება და ისტორიული კონტრაქტები აისახა მის შემოსავალზეც და 2013 წელს, ლიუ Forbes -ის მიერ მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად სუპერმოდელს შორის დასახელდა, ჟიზელ ბუნდჩენის, ადრიანა ლიმას, მირანდა კერის, ქეროლაინ მერფის და სამოდელო ბიზნესის სხვა საკულტო სახეების გვერდით. ლიუ პირველი და ერთადერთი აზიელი მოდელი იყო Forbes-ის სუპერმოდელების ჩამონათვალში.

Estée Lauder-ის 2016 წლის სარეკლამო კამპანია

2023 წლის მაისში, ლიუ ვენი მესამედ მოხვდა ამერიკული Vogue-ის გარეკანზე, ყველაზე ბევრჯერ, ვიდრე ნებისმიერი სხვა მოდელი აზიის კონტინენტიდან. ლიუ ამჟამად ცხოვრობს ნიუ-იორკში, მას წარადგენს ცნობილი ამერიკული სამოდელო სააგენტო – The Society Management.