სულ რაღაც ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელმა მუსიკოსმა, ადელმა ჰარის რიდის მიერ ბრენდ Nina Ricci-ისთვის შექმნილი პირველი კოსტიუმი მოირგო, თუმცა ახალგაზრდა დიზაინერის სამოსში უკვე ვხედავთ კიდევ ერთ ვარსკვლავს.

მსახიობი ლილი კოლინზი ჟურნალ V-ის 2023 წლის გაზაფხულის ნომრის მთავარი გმირია. ლილის, ადელის მსგავსად, ჰარისის შავი ხავერდის კაბა ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ კოლინზის კაბა დიზაინერის საკუთარი სახელობის ბრენდის, Harris Reed-ის კოლექციიდან არის. მიუხედავად იმისა, რომ რიდი 26 წლისაა, მას უკვე აქვს საკუთარი ბრენდი და ასევე არის “ნინა რიჩის” შემოქმედებითი დირექტორიც.

“ნეტფლიქსის” პოპულარული სერიალის, Emily in Paris -ის გამოსვლის შემდეგ, ლილი კოლინზი მოდისა და პოპ-კულტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სახედ ხელახლა იქცა. სერიალის მესამე სეზონის პრემიერა 21 დეკემბერს შედგა. ამერიკელი მარკეტერის, ემილი კუპერის პარიზული ისტორია კვლავაც დიდი ინტერესით სარგებლობს მაყურებელში. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს სერიალის მზარდი რეიტინგი. მესამე სეზონის პრემიერიდან მხოლოდ პირველ კვირაში, Emily in Paris უკვე გახდა “ნეტფლიქსზე” დეკემბრის თვის ყველაზე ნახვადი სერიალი.

გამოცემასთან ინტერვიუში, მსახიობმა Emily in Paris-ის შესახებ ისაუბრა, “წავიკითხე საცდელი სერიის სცენარი და ვიფიქრე, რომ სიამოვნებით ვუყურებდი,” – ამბობს ლილი. “პირველი სეზონი კორონავირუსის პერიოდში გამოვიდა, ამიტომ პრემიერის შემდეგ, ხალხთან აქტიური კონტაქტი არ გვქონდა, მაგრამ როდესაც პარიზში დავბრუნდით, ადამიანები გვცნობდნენ, ასაკის განურჩევლად.”

მან აგრეთვე გაიხსენა თავისი ცხოვრების ადრეული წლები. სანამ მსოფლიო ეკრანებზე მოხვდებოდა, ლილი კოლინზი ჟურნალისტიკური საქმიანობით იყო დაკავებული, “ჟურნალებისთვის წერა ინგლისში, 16 წლის ასაკში დავიწყე. ვწერდი Elle Girl-ისთვის, L.A. Times-ისთვის, ვმუშაობდი Nickelodeon-ისთვის, გავაშუქე ობამას ინაუგურაცია,”- ამბობს ლილი მედიაში მუშაობის გამოცდილებაზე.

ფოტოსესიაში ლილის აგრეთვე ამშვენებს ისეთი ბრენდების სამოსი და აქსესუარები, როგორებიცაა: Alexander McQueen, Schiaparelli, Saint Laurent, Cartier, Burberry და ა.შ. სრულად სანახავად მიჰყევით ლინკს – Vmagazine.com/Lily’s Blossoming