ამერიკული კინოს ახალგაზრდა ვარსკვლავის, ზენდაიას კარიერა გასაოცარი სისწრაფით ვითარდება. ერთ დროს დისნეის გოგონა, ჰოლივუდის გავლენიან არტისტად იქცა.
ზენდაიას პოპულარობის მკვეთრი ზრდა შესამჩნევია მოდაშიც, რასაც განაპირობებს არა მხოლოდ მისი აქტუალობა კინოში, არამედ – გამორჩეული სტილი და იმიჯი. უდავოა, რომ ახალგაზრდა მსახიობის წარმატებული კარიერის სრულყოფაში ძალიან დიდ როლს მისი ვიზუალი და იმიჯიც თამაშობს. გამომდინარე აქედან, ამ სტატიაში, უნდა გაგაცნოთ სტილისტი, რომელიც თავს „იმიჯის არქიტექტორს“ უწოდებს. სწორედ ის გახლავთ პასუხისმგებელი ზენდაიას ბოლოდროინდელ გახმაურებულ კოსტიუმებზე, რომლითაც მსახიობმა მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო.
“როდესაც ერთმანეთს შევხვდით, პირველივე წუთებიდან, ჩვენს შორის ძლიერი კავშირი გაჩნდა, რაც ორივემ ვიგრძენით,“ – იხსენებს ლო როუჩი, ზენდაიას სტილისტი.
Law Roach დაიბადა და გაიზარდა ჩიკაგოში. პროფესიით ფსიქოლოგი, ბავშვობიდან გატაცებული იყო მოდით, თუმცა სოციუმი, რომელშიც ცხოვრობდა, დრამატულად განსხვავდებოდა იმ გლამურული სამყაროსგან, რომელსაც ტელევიზიების ეკრანზე უყურებდა და ეტრფოდა. 2009 წელს, როუჩმა, მეგობართან ერთად, ჩიკაგოში ვინტაჟური ტანისამოსის პატარა ბუტიკი გახსნა. როგორც თავად ამბობს, ყველაფერი რუტინულად მიმდინარეობდა, სანამ ერთ იღბლიან დღეს, ჩიკაგოს მკვიდრმა რეპერმა, ქანიე უესტმა, რომელიც თავისი კარიერის ადრეული წლებიდან დაინტერესებული იყო ტანსაცმლით, დამოუკიდებელი დიზაინერებით, ბრენდებით და მაღაზიებით, შემთხვევით არ აღმოაჩინა პატარა ბუტიკი, საინტერესო ვინტაჟური კოლექციებით.
მას შემდეგ, რაც პაპარაცებმა ამერიკელი რეპერი რამდენჯერმე დააფიქსირეს ლო როუჩის ბუტიკში, ახალგაზრდამ საზოგადოების ყურადღება მიიქცია, რასაც მოჰყვა ბუნებრივი ნაბიჯი – მოგზაურობა ლოს-ანჯელესში, ვარსკვლავების ქალაქში, სადაც ყველაფერი მზიანი, ფერადი და გლამურულია. მიუხედავად იმისა, რომ უესტის და როუჩის კოლაბორაცია არ გაგრძელდა, ახალგაზრდა სტილისტმა ლოს-ანჯელესში გაიცნო ზენდაია, რომელიც მაშინ ოცნებებით სავსე პერსპექტიული თინეიჯერი იყო.
‘’ის მხოლოდ 14 წლის იყო და მოდის შესახებ ბევრი არაფერი იცოდა, მეც ლოს-ანჯელესში ახალი ჩამოსული ვიყავი და ვცდილობდი გამორკვევას. ზოგჯერ მიჭირს დაჯერება, რომ უკვე 10 წელი გავიდა, ის ახლა შემდგარი ქალია.’’- ლო როუჩი.
მიუხედავად იმისა, რომ როუჩის კარიერაში ზენდაიასთან თანამშრომლობამ უდიდესი როლი ითამაშა, ახალგაზრდა მსახიობი მისი ერთადერთი ცნობილი კლიენტი არ გახლავთ. გასულ ათწლეულში, ამერიკელი სტილისტი აცმევდა ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან სელინ დიონი და არიანა გრანდე. ახლა როუჩი აქტიურად მუშაობს „ნეთფლიქსის“ სერიალის, The Queen’s Gambit-ის ვარსკვლავის, ანია ტეილორ-ჯოის იმიჯზეც.