საფრანგეთი მსოფლიოში ტურისტების ყოველწლიური ნაკადით მოწინავე ქვეყანაა. ვიზიტორებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს დედაქალაქი პარიზი, რომელიც არა მხოლოდ საფრანგეთის და ევროპის, არამედ თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული კულტურული ცენტრია. 23 ივნისიდან, პარიზში ფუნქციონირებას განაახლებს კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის შენობა.
La Samaritaine, ლეგენდარული სავაჭრო ცენტრი, რომლის საწყისებს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის პარიზში მივყავართ, 16 წლის შემდეგ, პირველად გაიხსნება.

ძვირადღირებული ბრენდების უმსხვილესმა გაერთიანებამ, LVMH-მა, რომელიც მაღაზიის საკონტროლო წილს 2001 წლიდან ფლობს, აღდგენითი სამუშაოებისთვის 750 მილიონი ევრო გამოყო. პროექტზე რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებულმა კომპანიამ იმუშავა, მათ შორის არიან : ინტერიერის კანადური ფირმა -Yabu Pushelberg, არქიტექტურის იაპონური სტუდია – Sanaa და სილამაზის ფრანგული სააგენტო – Malherbe Paris.
მდინარე სენაზე უმშვენიერესი ხედით, თითქმის 20,000 კვადრატული მეტრის სივრცე აერთიანებს არა მხოლოდ ცნობილი მოდის სახლების მაღაზიებს, არამედ 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, სადაც ერთი ღამის გათევა 1,790 დოლარი დაგიჯდებათ, სპა სალონებს, რესტორნებს და ბარებს.

1990 წელს, Samaritaine-ს, როგორც უძველეს ფრანგულ კონცეპტუალურ მაღაზიას, ისტორიული მნიშვნელობის კულტურული ძეგლის წოდება მიენიჭა. ლეგენდარული სავაჭრო ცენტრის ხელახლა გახსნას, LVMH-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბერნარ არნოსთან ერთად, ესწრებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.