მოდის კვირეულებზე კოლექციების წარდგენისას აუდიტორიის ყურადღებას არამხოლოდ სამოსი, არამედ მოდელების მაკიაჟიც იპყრობს. სოციალური მედიის განვითარებამ მოდის სამყაროში გამოვლენილ ვიზაჟის ხელოვნების ფორმებს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შესძინა, რადგან ხშირად პოდიუმზე ჩვენს თვალწინ ახალი ტრენდი იბადება. ამის ნათელი მაგალითია Margiela-ს უახლესი ჩვენება, როცა გრიმმა წარმოდგენილ კოლექციაზე არანაკლებ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

მსოფლიო ტენდენციების კვალდაკვალ, ვიზაჟის ხელოვნება ქართული მოდის სივრცეშიც უფრო დიდ როლს ასრულებს და კვირეულებზეც ხშირად ვხედავთ საინტერესო ნამუშევრებს.
წელს Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის ფარგლებში ვიზაჟის და კოლექციის მომხიბლავი სინთეზი ვიხილეთ ისეთი ბრენდების ჩვენებაზე, როგორებიც არის DZHABA და DILDORA KASIMOVA.

ნამუშევრებზე ყველასათვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა ბრენდმა – KIKO Milano-მ იზრუნა. გასული წლის მსგავსად, KIKO Milano-მ კვლავაც Makeup Institute Georgia-სთან ითანამშრომლა, რომლის დამფუძნებელი ქართულ სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ვიზაჟისტი – კრისტინე რეჯინია. რეჯინმა თავის გუნდთან ერთად KIKO Milano-ს მრავალფეროვანი მაკიაჟის გამოყენებით თითოეულ მოდელზე შეასრულა მაკიაჟი, რომელიც ავთენტურად გამოკვეთდა დიზაინერების ნამუშევრების კონცეფციას.

თითოეული ბრენდის დიზაინერის ჩანაფიქრის ვიზაჟში გაცოცხლება ყოველთვის საინტერესო ამოცანაა. პოდიუმზე ნანახი შედეგიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გამოწვევას KIKO Milano-მ და Makeup Institute Georgia-მ სრულყოფილად უპასუხეს.