10 წლის იუბილის აღსანიშნავად, Kering, კომპანია, რომელიც ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: ბალენსიაგა, გუჩი, სენ ლორანი, ალექსანდრ მაკქუინი, ბოტეგა ვენეტა და ბრიონი, ცნობიერების ასამაღლებლად კამპანიას იწყებს. კამპანიის მიზანია, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებითა და საქველმოქმედო აქტივობებით, ხსენებული ბრენდების ისტორია და ღირებულებები კიდევ უფრო კარგად გააცნოს საზოგადოებას.

Kering ამ სახელწოდებითა და ფორმით 2013 წლიდან ფუნქციონირებს, მანამდე კომპანიის სახელწოდება Prinault-Printemps-Redout ან შემოკლებით PPR იყო. წარმატებული რებრენდინგი კონგლომერატის პრეზიდენტმა და მფლობელმა ფრანსუა ანრი პინომ განახორციელა.

ფრანსუა ანრი პინო, Kering-ის მოქმედი პრეზიდენტი და მფლობელი.

კორპორატიული სარეკლამო კამპანია წლის მესამე კვარტალში დაიწყება და ყურადღების ცენტრში მოაქცევს Kering-ის იმიჯსა და როლს ლაქშერი სამყაროში. დაგეგმილია ფილმის და წიგნის პრეზენტაცია, აგრეთვე ფიზიკური ღონისძიებები მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში, როგორებიცაა: ნიუ-იორკი, პარიზი, შანხაი, ტოკიო, მილანი. ასე მაგალითად, 12 სექტემბერს, კომპანიის ფილანტროპული განყოფილება ნიუ-იორკში საქველმოქმედო საღამოს გამართავს, სადაც თანხა გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად შეგროვდება.

რამდენიმე დღის შემდეგ, 16 სექტემბრერს, კომპანია კვლავ გახსნის პარიზში თავისი შტაბბინის კარებს და კულტურული მემკვიდრეობის დღეებისთვის, Balenciaga-ს ოტ-კუტიურ კოლექციებს გამოფენს, რომლის კურატორიც ბრენდის შემოქმედებითი დირექტორი, დემნა იქნება. თვის ბოლოს, Kering უმასპინძლებს შეკრებას, რომელიც მიეძღვნება იმ ორგანიზაციებს, პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებსაც კომპანია წლების განმავლობაში უჭერდა მხარს, მათ შორის მოდის მდგრადი განვითარების მიმართულებით.