მოდის ინდუსტრია, შესაძლოა ისე, როგორც სხვა არცერთი, მიდრეკილია ტრენდების შექმნისაკენ, რომელიც ხშირად, საკმაოდ ხანმოკლეა. ასე მაგალითად, გასულ 5 – 6 წელიწადში, მოდამ მოასწრო ენახა „ლოგომანიის“ ფენომენის, როგორც აღმავლობა, აგრეთვე დაცემა, თუმცა სანამ ლოგოები, განუსაზღვრელი რაოდენობით და ესთეტიკით, გახდებოდა ახალი ტრენდი, ქუჩის სტილის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა ტანისამოსი, რომელზეც ცნობილი ადამიანის ფოტო იყო გამოსახული.
როდის გახდა უბრალო მაისური მოდური განაცხადი? ლოგოები, როგორც ცნობილი პიროვნებების პრინტები, მოდაში, გასული 20 წლის მონაპოვარი ნამდვილად არაა, თუმცა თვალსაჩინოა, რომ ტრენდმა განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ამ პერიოდში დაიმსახურა. როდესაც მოდის თანამედროვე ისტორიას კვალდაკვალ მივყვებით და ვიხსენებთ ყველა გახმაურებულ მომენტს, რომელსაც შესაძლოა ტრენდის პროვოცირება მოეხდინა, ხშირ შემთხვევაში, მივდივართ ქუჩის სტილის და სკეიტბორდინგის კულტურის ლიდერი ბრენდის, Supreme-ს საიუბილეო კაპსულა-კოლექციასთან.
2004 წელს, Supreme-ს დამფუძნებელმა, ჯეიმს ჯებიამ კომპანიის 10 წლის იუბილე თეთრი მაისურების კოლექციით აღნიშნა. მაისურებზე ახალგაზრდა ქეით მოსის ფოტო იყო გამოსახული. ქეითის ფოტო Calvin Klein-ის სარეკლამო კამპანიიდანაა.
კელვინ კლაინის და მოსის ლეგენდარულ სარეკლამო კამპანიებზე ბევრი რამ თქმულა. ეს იყო ერთგვარი რევოლუცია მაღალ მოდაში. ამ კამპანიების შემდეგ, განსხვავებული გახდა მიმზიდველი და ქეით მოსი იქცა მოდის შეუცვლელ სიმბოლოდ.
სწორედ ასეთი სიმბოლური და მნიშვნელოვანი კადრი შეარჩია ჯეიმსმა თავისი ბრენდის საიუბილეო კოლექციისთვის. რეაქციამაც არ დააყოვნა – ქეით მოსის Supreme-ს მაისურზე ხილვამ მოსალოდნელი გამოხმაურება დაიმსახურა.
კელვინ კლაინმა ქუჩის სტილის ბრენდს უჩივლა. მიუხედავად იმისა, რომ შედარებით ახალი კომპანიისთვის ლეგალური დავა რთული ფინანსური შედეგების მომტანი იყო, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნათელია, რომ ამ სკანდალმა Supreme არ დააზარალა, პირიქით – ბრენდი კიდევ უფრო პოპულარული და ცნობილი გახდა. ჯეიმსი არათუ არ გამოეთიშა ბიზნესს, არამედ იმდენად განვითარდა, რომ 2012 წელს, სკანდალური კაპსულა-კოლექციიდან 8 წლის შემდეგ, ქეით მოსი Supreme-ს ოფიციალურ კამპანიაში გადაიღო. ეს კი, ნამდვილად იყო მომენტი, როდესაც კამპანიამ ბრენდს არა მხოლოდ კომერციული წარმატება, არამედ მოდის პრესის დადებითი შეფასებებიც მოუტანა.

ფოტო, რომელზეც ქეით მოსი თეთრი მაისურით, ლეოპარდის პრინტის ქურთუკით და სიგარეტით ხელშია გამოსახული, 2012/13 წლების ერთ-ერთი ყველაზე ვირისულად გავრცელებადი კადრი გახდა. ვირტუალური სამყაროდან რეალობამდე, ქეითი თავისი ჩვეული ცივი გამოხედვით, კიდევ ერთხელ იქცა თანამედროვე სტილის სიმბოლოდ.

ქეითს და ბრენდს შორის თანამშრომლობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ჯეიმსმა, ბრიტანელი სუპერმოდელის ფოტოთი, კიდევ ერთხელ წარადგინა თეთრი მაისურების კოლექცია, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით – მაისურზე არა სხვა ბრენდის, არამედ Supreme – ს 2012 წლის გაზაფხულის სარეკლამო კამპანია იყო გამოსახული.