პრაიდის თვესთან დაკავშირებით, ტანისამოსის, კოსმეტიკის და თავის მოვლის ცნობილი კომპანიები ახალ კოლექციებსა და სარეკლამო კამპანიებს გვთავაზობენ. ცოტა ხნის წინ, ახალი რეკლამა გამოაქვეყნა Calvin Klein-მა, რომელიც სწორედ პრაიდის თვეს ეხმიანება. სარეკლამო კამპანიის სახეებს შორის არიან სუპერმოდელი, მსახიობი და ლგბტ + აქტივისტი – კარა დელევინი და ამერიკელი მსახიობი – ჯერემი პოუპი.
სარეკლამო კამპანიის სახელწოდებაა “This Is Love”. სუპერმოდელი ვიდეო რგოლსა და ფოტოსესიაში ბრენდის საკულტო დიზაინის ჯინსებითა და საცვლებით არის აღბეჭდილი.
“სიყვარული ჩემთვის ცხოვრებაში ყველაფერია: კარგი, ცუდი, შეუხედავი, მშვენიერი, დიდებული. სიყვარულით საკუთარ თავს შეიცნობ. დღეს, ახალგაზრდა ადამიანები უფრო მეტად არიან ისინი, ვინც სინამდვილეში არიან, რასაც ჩემზე ვერ ვიტყოდი, მე ყოველთვის მეშინოდა, არ მინდოდა ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. ახლა მეტი თავისუფლებაა, რომ იყო ის ვინც გინდა რომ იყო. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს სირთულეები და კვლავ გვიწევს ბრძოლა, მაგრამ მე ძალიან შთაგონებული ვარ ქვიარ საზოგადოებით.” – აღნიშნავს დელევინი Calvin Klein-ის გამოქვეყნებულ ვიდეო რგოლში.
Calvin Klein-ის “This Is Love” სარეკლამო კამპანია, ფოტოგრაფი: გორდონ ვან სტეინერი
პრაიდის თვეს, სხვადასხვა ქვეყანაში, განსხვავებულ დროს აღნიშნავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2000 წლის 2 ივნისს, ბილ კლინტონმა ოფიციალურად სცნო ივნისი ლგბტ+ ადამიანების უფლებების დაცვის თვედ, ივნისი არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ გლობალურად, მოიაზრება, როგორც წელიწადის ის დრო, როდესაც ადამიანები დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ღიად ერთიანდებიან.