გასულმა წლებმა მსოფლიოს დაანახა, რომ კეი-პოპი არ არის მხოლოდ მუსიკა. მილიონობით მიმდევარით, კეი-პოპი ახალგაზრდების სუბკულტურა გახდა, რომლის მასშტაბები ყოველდღიურად იზრდება. სამხრეთ კორეელი არტისტების გლობალურმა წარმატებამ, სეული მოდის რუკაზე მიმზიდველ ქალაქად აქცია. კეი-პოპ ვარსკვლავებთან თანამშრომლობაზე კი, ცნობილ ბრენდებს შორის ნამდვილი მარათონი გამოცხადდა. მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულების ახალი სეზონი , რომელიც მილანში, 13 იანვარს გაიხსნა, კეი-პოპის მზარდი გავლენის ტენდენციაში მხოლოდ გვარწმუნებს.

მოდის კვირეულებს, ტრადიციულად, უამრავი ცნობილი ვარსკვლავი ესწრება. მათი უმრავლესობა ამერიკული და ბრიტანული მრავალმილიარდიანი შოუ-ბიზნესის წარმატებული ადამიანები არიან, “გრემის“ და “ოსკარის“  მფლობელი ხელოვანები, ან ახალგაზრდა სელებრითები Netflix -ის და HBO-ს გახმაურებული სერიალებიდან. კონკურენცია ყოველთვის მაღალია და ვარსკვლავებით დატვირთულ მოდურ ღონისძიებებზე, რთულია ყურადღების ცენტრში მოქცევა, თუმცა კეი-პოპს ახალგაზრდების ახალი სუბკულტურა შემთხვევით არ შეარქვეს. კორეელი არტისტების გულშემატკივართა ენთუზიაზმი, მონდომება და თავდადება თავიანთი „აიდოლების“ მიმართ შეუმჩნეველი არავის რჩება. ასე მოხდა მოდის კვირეულების ახალ სეზონზეც.

“დიორი,” “ლუი ვიტონი,” “პრადა,” “გუჩი” – ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთა ჩვენებებზე, გასულ დღეებში, უამრავი გულშემატკივარი შეიკრიბა, ისინი კეი-პოპის ვარსკვლავების გამოჩენას ელოდნენ. როგორც უკვე ითქვა, კორეელი არტისტების განსაცვიფრებელი პოპულარობა, მოდაში მათ მიმართ მოთხოვნას უფრო და უფრო ზრდის.

ასე მაგალითად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში:

ჯგუფ BTS -ის წევრი, Jimin “დიორის“  გლობალურ ამბასადორად დასახელდა. სიახლის გავრცელების შემდეგ, არავის გაკვირვებია, რომ ის “დიორის“  მამაკაცის ახალი კოლექციის ჩვენებასაც დაესწრო. ფრანგული ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე განთავსდა კორეელის ფოტოც, რომელსაც შოუზე დამსწრე სტუმრების ფოტოებთან შედარებით, ყველაზე ბევრი – მილიონზე მეტი მოწონება აქვს.


Jimin-ისა და “დიორის” სიახლის გავრცელების პარალელურად, BTS-ის წევრი, Suga მოდის სახლ “ვალენტინოს” გლობალურ ამბასადორად დასახელდა. ბრენდის ოფიციალურ გვერდზე, მისმა ფოტომ “ვალენტინოს” სამოსში, 700,000-ზე მეტი მოწონება დააგროვა.


BTS-ის კიდევ ერთი წევრი, Jung Ho-seok, ცნობილი როგორც J-Hope “ლუი ვიტონის” მამაკაცის კოლექციის შოუს ესწრებოდა. მის გამოჩენას გულშმატკივრებში დიდი მღელვარება მოჰყვა. ვიდეოს, რომელიც ფრანგულმა ბრენდმა ინსტაგრამზე განათავსა, უკვე 3 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.


BTS-ის ვარსკვლავებთან ერთად, სხვა კორეელი არტისტებიც აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში – ჯგუფ Enhypen-ის წევრები ესწრებოდნენ “პრადას” შოუს მილანში.


ჯგუფ Exo-ს წევრი, Kai “გუჩის” მიწვეულ სტუმართა და ამბასადორთა რიგებში მოხვდა. Kai უკვე რამდენიმე სეზონია თანამშრომლობს იტალიურ ბრენდთან. ახალი კოლექციის ჩვენებიდან მის ფოტოს მილიონზე მეტი მოწონება აქვს.

K-Pop-მა საერთაშორისო აღიარებას გასულ ათწლეულში მიაღწია და თანამედროვე პოპ-კულტურისთვის ჯერ კვლავ ახალ ფენომენად აღიქმება, თუმცა სამხრეთ კორეელი არტისტების პოპულარობა და მათი განვითარების ტემპი გვაფიქრებინებს, რომ კორეის მიმართ ინტერესი არც მიმდინარე დეკადაში გაქრება.