ვოგის იაპონურმა გამოცემამ 2023 წლის თებერვლის ნომერი გამოაქვეყნა, რომელსაც ჯუდ ლოუს და სედი ფროსტის ქალიშვილი – აირის ლოუ ამშვენებს. ახლა, როცა კინო თუ მოდის სამყაროში, ე.წ. „ნეპო-ბავშვების“ პრივილეგიებზე საუბარი არ წყდება, აირისის გარეკანზე ხილვა, რა თქმა უნდა იწვევს არაერთგვაროვან გრძნობებს.

Vogue იაპონია – 2023 წლის თებერვლის ნომერი

მოდაში ნეპოტიზმს ახალ ტრენდს ვერ ვუწოდებთ. მიუხედავად იმისა, რომ სოციალური ქსელების ერამ ცნობილი და მდიდარი ოჯახების შვილებს მეტი პოპულარობა მოუტანა, ისინი ინდუსტრიისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენენ. მეტიც, რომ არა ლილი როუზ დეპის საკამათო განცხადება, დიდია ალბათობა, რომ მოდა და პოპ-კულტურა ამ თემით კიდევ დიდი ხანი არ დაინტერესდებოდა. შეგახსენებთ, რომ ნოემბერში, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის ქალიშვილმა, ლილი როუზ დეპმა ერთ-ერთ ინტერვიუში თავისი გაკვირვება და უკმაყოფილება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ნეპოტიზმის ბავშვს/შვილს“. ახალგაზრდა მსახიობის თქმით, მის წარმატებაში მთავარი როლი გავლენიან და ცნობილ მშობლებს არ უთამაშიათ.

დეპის განცხადებას საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობრივი უკურეაქცია მოჰყვა. ასე გახდა ნეპოტიზმი ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სოციალურ ქსელებსა და საერთაშორისო პრესაში. რაც შეეხება აირის ლოუს, ახალგაზრდა მსახიობი და მოდელი სამოდოდელო ბიზნესში აქტიურად უკვე ორი წელია მუშაობს. 2021 წელს, აირისმა კონტრაქტი გააფორმა დიორის მოდის სახლთან და ოფიციალურად გახდა Dior Beauty-ის სახე. ჯუდ ლოუს ქალიშვილის კარიერის წარმართვაზე ამჯერად მოდის წამყვანი სამოდელო სააგენტო – IMG Models Management ზრუნავს.