ბრიტანელი ანტრეპრენერი, დიზაინერი და სატელევიზიო სახე, ჯეფ ბენკსი ვივიენ ვესტვუდის მოდის კომპანიას სათავეში ორი კვირის წინ ჩაუდგა. დღემდე ბრენდის მხრიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სიახლე მას შემდეგ დადასტურდა, რაც დიდი ბრიტანეთის “Companies House”-მა ბრენდის საბუთები გამოაქვეყნა. როგორც ვიგებთ, ბენკსი Vivienne Westwood-ის დირექტორად 16 დეკემბერს დაინიშნა.
ლეგენდარული ბრიტანელი დიზაინერი, ვივიენ ვესტვუდი გუშინ, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვივიენი აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი პირველი დიზაინერი, რომელმაც მოდაში პანკი დაამკვიდრა. ის ცნობილი იყო უკომპრომისო და კრეატიული ჩვენებებით. ვივიენს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც მოდის პირველ აქტივისტ დიზაინერს. ვესტვუდის ბრენდის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “ვივიენ ვესტვუდი მშვიდ გარემოში, ქლეფჰემში, სამხრეთ ლონდონში გარდაიცვალა.”
ვესტვუდის გარდაცვალებას ინსტაგრამზე გამოეხმაურა ჯეფ ბენკსიც, „დიდი მწუხარებით გამცნობთ ჩემი ძვირფასი მეგობრის, ვივიენის გარდაცვალებას, ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და ქმარს ანდრეასს. ეს ისტორიული მომენტია,“ – წერს იგი. ჯერ-ჯერობით სხვა დეტალები კომპანიის სამომავლო ცვლილებებზე უცნობია.