თუ ფიქრობთ, რომ ძველი ფოტოებისთვის თვალის გადავლება მხოლოდ თქვენში იწვევს უხერხულობის განცდას, რადგან ტანისამოსი რომელსაც ატარებდით, გემოვნებიანი სტილის თანამედროვე გაგებას არ ერგება, მაშინ, დროა ვოგის “Life in Looks” სერიები აღმოაჩინოთ. ეს არის 10 წუთიანი ვიდეოების რუბრიკა, სადაც პოპ-კულტურის ცნობილი ადამიანები საკუთარი სტილის ევოლუციას განიხილავენ. საკმაოდ ხშირად, მათაც, როგორც ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს, უწევთ „თავის მართლება“ რომ ის კონკრეტული სტილი, რომელიც დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა სასაცილოდ ან სამარცხვინოდაც კი ჩანდეს, მაშინ, 10 თუ 15 წლის წინ, აქტუალური და გემოვნებიანი იყო.
მოდის ტრენდების ცვალებადი ხასიათი მართლაც არასდროსაა იმდენად აშკარა სანამ ძველ ალბომებს არ გადავშლით. ასეთ დროს, გვეფიქრება, საერთოდ შესაძლებელია თუ არა ისეთი სტილის შექმნა, რომელიც 20 წლის შემდეგაც მიმზიდველი და გემოვნებიანი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ არავის აქვს პასუხი კითხვაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო და მასთან ერთად კარგი და გემოვნებიანი მოდის/სტილის აღქმა 2 ათწლეულის შემდეგ.
ჯეინ ბირკინი ერთ-ერთია იმ ადამიანების მცირერიცხოვანი სიიდან, რომლებსაც არქივული ფოტოების თვალიერებისას, არასდროს განუცდიათ უხერხულობა „ცუდი სტილის“ გამო. 1960-იან და 70-იან წლებში გადაღებული მისი ფოტოები დღემდე არის შთაგონების წყარო, გემოვნების ისეთი გამოვლინება, რომლისკენაც მიილტვის თანამედროვე სტილის „აიქონების“ უმრავლესობა. ეს კი ყველაზე ნათელი ინდიკატორია იმისა, რომ საქმე გვაქვს სტილის მარადიულ სიმბოლოსთან. ბირკინის სტილი გვარწმუნებს, რომ მარადიულობა უბრალოებაშია და არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა – პროფესიონალი სტილისტები მილანიდან, პარიზიდან და მსოფლიო მოდის სხვა დედაქალაქებიდან, ხშირად, ჯინსი, თეთრი მაისური და მკლავზე გადასაკიდი პრაქტიკული კალათაც საკმარისია იმისათვის, რომ შეიქმნას ლუქი და იმიჯი რომელიც დეკადებს გაუძლებს.
ჯეინ ბირკინის ფოტო არქივი, გასული საუკუნის 1960 და 70-იანი წლებიდან: