ფრანგულ გამოცემა Le Figaro-სთან ინტერვიუში, სიმონ პორტ ჟაკმუსმა განაცხადა, რომ ბრენდი Jacquemus ინვესტორს ეძებს. გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა დიზაინერი, რომელსაც მხოლოდ ინსტაგრამზე 6.5 მილიონი მიმდევარი ჰყავს, ბრენდის გლობალურად ზრდას ინვესტორის ჩართულობით ხედავს.

როგორც ჟაკმუსმა აღნიშნა, იგი ახლა ორიენტირებულია Jacquemus-ის გლობალურ ბიზნესად გარდაქმნაზე, რაც მოიცავს კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ხაზების დამატებას, დიდ ქალაქებში მაღაზიების გახსნას და ა.შ.. სწორედ ამ ამბიციური მიზნების განსახორციელებლად, სიმონი მოიაზრებს მცირედი წილის გაყიდვას.სიმონ პორტ ჟაკმუსი იმ იშვიათი ახალგაზრდა დიზაინერების რიგებს მიეკუთვნება, რომლებმაც აღიარება საკუთარი ბრენდისა და სახელის ქვეშ, დამოუკიდებლად მოიპოვეს. როგორც დიზაინერი განმარტავს, იგი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მომავალშიც აპირებს, ამიტომ Jacquemus-ის საკონტროლო წილის გასხვისება ამ ეტაპზე არ განიხილება.

ჟაკმუსის ვარსკვლავური სტატუსიდან და წარმატებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მის ბრენდში წილის შესყიდვით არაერთი კონგლომერატი დაინტერესდება.