ფრედერიკ არნო, ბერნარ არნოს მეოთხე შვილი და TAG Heuer -ის აღმასრულებელი დირექტორი, კიდევ ერთხელ მოექცა პრესისა და სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრში, თუმცა ამჯერად, მიზეზი ახალგაზრდა ბიზნესმენის პირადი ცხოვრებაა. ვრცელდება ხმები, რომ არნო რომანტიკულ ურთიერთობაშია კეი-პოპ ვარსკვლავთან, მომენტის ყველაზე ცნობილი გოგონათა ჯგუფის, Blackpink-ის წევრ ლისასთან.
ხმები ახალი ვარსკვლავური წყვილის შესახებ, ივნისში, BVLGARI-ს საღამოს შემდეგ გავრცელდა, რომელსაც ლისა და ფრედერიკი ერთად ესწრებოდნენ. გავრცელებული ხმები კიდევ უფრო დამაჯერებელი გახდა მიმდინარე კვირას, როდესაც ლისა, ფრედერიკთან ერთად, საბერძნეთში დააფიქსირეს. ყვითელი პრესის და გულშემატკივრების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ფაქტი, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა ფრედერიკის უფროსი ძმა, ალექსანდრ არნო მეუღლესთან, ჯირალდინ გიოთთან ერთად.