რაც დრო გადის, მაღალი მოდის უფრო მეტი ბრენდი ინტერესდება გაქირავების სერვისით. ახლახან გავრცელდა სიახლე, რომ პარიზული მოდის სახლი – Coperni უერთდება კოლექციების გაქირავების ტრენდს.

კოპერნი 2013 წელს სებასტიენ მეიერმა და არნო ვაიონმა დაარსეს, ბრენდის ერთ-ერთი მიზანი სამოსის შექმნაში ინოვაციური მეთოდების დანერგვა იყო. “ინტელექტუალური, ჩაცმადი, სასურველი, დეტალებზე ორიენტირებული.” ასე ახასიათებს სებასტიენი ფრანგულ მოდის სახლს, რომელმაც გასულ 10 წელში, მოდაში გამორჩეული ადგილი დაიკავა. Hurr-თან თანამშრომლობით, კოპერნი გასაქირავებლად გამოიტანს როგორც ახალ კოლექციაში წარმოდგენილ ნივთებს, აგრეთვე არქივულ აქსესუარებსა და ტანისამოსს, მათ შორის ბრენდის ტრენდად ქცეულ ჩანთას – Coperni Swipe-ს.

რაც შეეხება Hurr-ს, კომპანიისთვის ეს კიდევ ერთი წარმატებული პარტნიორობაა. 2020 წელს, სწორედ Hurr-თან კოლაბორაციით Selfridges-მა გასაქირავებელი pop-up მაღაზია გახსნა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცნობილმა Department Store -მა გაქირავების სერვისზე იმუშავა.