ჰარი სტაილსი რომ მოდის გავლენიან ვარსკვლავად მიიჩნევა, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა 2020 წლიდან, ბრიტანელი მუსიკოსის კარიერაში, მოდის როლი კიდევ უფრო გაიზარდა. საკმარისია ვახსენოთ, რომ სტაილსი გახდა პირველი მამაკაცი, რომელმაც ამერიკული ვოგის გარეკანი დაამშვენა. სტაილსი ინტერვიუებშიც ხშირად საუბრობს თავის სიყვარულზე ტანისამოსის მიმართ, ამიტომ შეგვიძლია ბუნებრივი და ლოგიკურიც ვუწოდოთ სიახლეს, რომელიც ახლახან გავრცელდა. ჰარი სტაილსმა ტანისამოსის ბრიტანულ ბრენდში, S.S. Daley-ში ინვესტიცია განახორციელა. „მე და ჰარის გვაქვს საერთო ხედვა S.S. Daley-ის მომავლის შესახებ და ჩვენ მოუთმენლად ველით ამ ახალ თავს ერთად,“ – თქვა ბრენდის დიზაინერმა, Steven Stokey-Daley-მ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ S.S. Daley, ახალი კოლექციით, 2024 წლის პიტი-უომოზე იყო წარმოდგენილი, რომელიც ფლორენციაში სწორედ ახლა იმართება. ინფორმაცია ჰარი სტაილსთან დაწყებული თანამშრომლობის შესახებ, ახალი კოლექციის წარდგენის შემდეგ გავრცელდა.

Steven Stokey-Daley-ის დებიუტი ლონდონის მოდის კვირეულზე 2021 წელს შედგა, ამჟამად ბრენდის კოლექციები იყიდება არაერთ ცნობილ საშოპინგო სივრცეში, შეგვიძლია გამოვყოთ: Saks Fifth Avenue, Dover Street Market, Matchesfashion და Bergdorf Goodman.