ისტორია იმ ფილმების ნაკლებობას არ განიცდის, რომელთა განსაკუთრებულობა, პირველ რიგში, კოსტიუმების გამორჩეული დიზაინით და სტილით აიხსნება, თუმცა ჩაცმულობა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც სცენარი მოდის, უფრო კონკრეტულად კი, აღიარებული დიზაინერის გარშემო ვითარდება. თუ წარსულში, ცნობილი დიზაინერების შესახებ, მეტწილად, დოკუმენტურ მასალას იღებდნენ, ბოლო დროს, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მხატვრული ნამუშევრები – 2018 წელს, ვიხილეთ გახმაურებული სერიალის, American Crime Story-ის ახალი სეზონი, რომელიც ჯანი ვერსაჩეს მკვლელობაზე მოგვითხრობს. ამის შემდეგ, დაანონსდა რიდლი სკოტის კინო სურათი, მაურიციო გუჩის და მისი ცოლის სკანდალურ ქორწინების შესახებ.

სულ ახლახანს კი, 14 მაისს, მედია გიგანტის, Netflix -ის ახალი მინი-სერიალის პრემიერა შედგა, რომელიც 1970-იანი წლების ამერიკული მოდის და კულტურის კერპის, როი ჰალსტონის ცხოვრების გარშემო ვითარდება. Halston – ასე ჰქვია ახალ სერიალს, რომელშიც მთავარ გმირს მსახიობი, ევან მაკგრეგორი განასახიერებს. ჰალსტონის და მისი გუნდის სტილზე კი,  კოსტიუმების დიზაინერმა, Jeriana San Juan -მა იმუშავა.

Halston – Netflix
Halston – Netflix

აღსანიშნავია, რომ ჯერიანამ არა მხოლოდ ტანისამოსის შექმნაზე იზრუნა, არამედ მაკგრეგორის მენტორის როლიც მოირგო. როგორც შოტლანდიელმა მსახიობმა გაამხილა, გადაღებების დაწყებამდე, მან რამდენიმე გაკვეთილი გაიარა სან უანთან, რათა ქსოვილებზე მუშაობა და სამკერვალო ხელსაწყოების სწორად გემოყენება ესწავლა:  „დიდი კვლევა ჩავატარე – ვუსმენდი ჰალსტონის ინტერვიუებს, ვკითხულობდი წიგნებს, გავიცანი ადამიანები, რომლებიც მის ჩვენებებზე მუშაობდნენ, ვესწრებოდი გაკვეთილებს და ვსწავლობდი,თუ როგორ უნდა დამეჭირა მაკრატელი სწორად, როგორ გამეჭრა ქსოვილი.“

Halston – Netflix
Halston – Netflix

რაც შეეხება კოსტიუმებს, სან უანის მთავარ გამოწვევას ჰალსტონის მინიმალისტური, თუმცა იმ ეპოქისთვის უკიდურესად თანამედროვე სტილის შექმნა წარმოადგენდა. როდესაც საქმე ეხება მინიმალიზმს, ზღვარი მოდერნიზმს და მოსაწყენს შორის, ძალიან თხელია. მინიმალიზმის სწორად წარმოჩენას განსაკუთრებული გემოვნება და სიღრმე სჭირდება. როი ჰალსტონი, შავი ნაქსოვი სვიტერით და შარვლით, ყოველთვის იწვევდა საზოგადოების აღფთოვანებას. დიზაინერის უზადო გემოვნება ვლინდებოდა დეტალებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში,რაც საბოლოოდ, მის ერთი შეხედვით უბრალო ლუქს, ძვირადღირებულ და გლამურულ იერს ანიჭებდა. „ხალხი ფიქრობს, რომ ეს უბრალო უნიფორმაა – შავი ნაქსოვი ზედა და შავი შარვალი, მაგრამ აქ ბევრად მეტი ნიუანსია გასათვალისწინებელი, რომ ლუქი განავითარო და საბოლოოდ, Halston-ად აქციო. ის საკუთარი თავის ნიჭიერი სტილისტიც იყო, ყოველთვის გონივრულად და ფრთხილად ეკიდებოდა თავის ჩაცმულობას,“ ამბობს ჯერიანა სან უანი.

მარცხნივ: ევან მაკგრეგორი, მარჯვნივ: როი ჰასტონ ფროუიქი
მარცხნივ: ევან მაკგრეგორი, მარჯვნივ: როი ჰასტონ ფროუიქი
ევან მაკგრეგორი ჰალსტონის როლში

ჰალსტონის ხიბლს, იმ ეპოქისთვის სენსაციურ კოლექციებთან ერთად, მისი ცხოვრების სტილიც წარმოადგენდა. გლამურულ წვეულებებზე შეყვარებული დიზაინერი, მუდამ ვარსკვლავი მეგობრებით და მოდელებით იყო გარემოცული. მისი ახლო მეგობრების რიგებს მიეკუთვნებოდნენ: სამკაულების ცნობილი დიზაინერი და მოდელი – ელსა პერეტი და „კაბარეს“ ვარსკვლავი, ოსკარის ჯილდოს მფლობელი არტისტი – ლაიზა მინელი.

მარცხნივ: კრისტა როდრიგესი ლაიზა მინელის როლში, მარჯვნივ: ლაიზა მინელი 1970-იან წლებში

პერეტი ცნობილი იყო თავისი ბიომორფული დიზაინის ხელწერით. სამკაულის მიმართულებით, ელსა მე-20 საუკუნის ყველაზე აღიარებულ ქალ დიზაინერად ითვლება, თუმცა სანამ მისი კარიერა ამ მიმართულებით განვითარდებოდა, ის მოდელად მუშაობდა. ნეტფლიქსის ახალ მინი-სერიალში, ელსა პერეტის როლს მსახიობი, რებეკა დაიანი ასრულებს. რაც შეეხება ჩაცმულობას, ჯერიანას თქმით, როგორც ელსას, აგრეთვე ლაიზას პერსონაჟების შემთხვევაში, კოსტიუმები, მთლიანად, ჰალსტონის არქივებზე დაყრდნობით შეიქმნა და ისინი ზუსტად ასახავენ ამ ორი ლეგენდარული ქალბატონის სტილს.

რებეკა დაიანი პერეტის როლში
ევან მაკგრეგორი და რებეკა დაიანი, როგორც ჰალსტონი და ელსა პერეტი

მიუხედავად იმისა, რომ Ryan Murphy-ის პროდიუსერობით და Daniel Minahan-ის რეჟისორობით გადაღებულ მინი-სერიალში, მსახიობების და კოსტიუმების დიზაინერის პროფესიონალიზმიც, მეტწილად, კარგად შეფასდა, დიზაინერის ოჯახის წევრებს პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია აქვთ. როგორც ისინი აცხადებენ, სერიალი ჰალსტონის შესახებ მცდარ წარმოდგენას ქმნის და სერიალზე მუშაობისას არც ‘ჰალსტონის არქივებთან’ და არც ოჯახთან კონსულტაცია არავის გაუვლია.