მიმდინარე კვირაში Kering-ის თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ფრანსუა ანრი პინომ გასული წლის შედეგები შეაჯამა. გარდა ამისა, მან სამომავლო გეგმები განიხილა და ახალ ინიციატივებსაც შეეხო. მისი მოხსენებიდან ცნობილი გახდა Gucci-ის ზრდის განახლებულ სტრატეგიასთან დაკავშირებული დეტალები, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც მოდის სახლის ყველაზე მდიდარი მომხმარებლებისთვის განკუთვნილი ახალი ტიპის სივრცეების მოწყობა იქნება. Gucci Salons-ში გასაყიდად შემოთავაზებული იქნება უმაღლესი ხარისხის ტანსაცმელი, საიუველირო ნაკეთობები თუ ავეჯი.
“$40,000-ზე ნაკლები არაფერი ეღირება, ძვირფასეულობის ფასები $3 მილიონამდეც ავა,” – განაცხადა პინომ.
სალონების ნაწილი Gucci-ის უკვე არსებულ სივრცეებში მოეწყობა, ნაწილი კი – ახალ მაღაზიებში, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ლოს ანჯელესში, მელროუზის გამზირზე აპრილის თვეში გაიხსნება.
© Gucci
აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, ალესანდრო მიკელემ Gucci-ის კრეატიული დირექტორის პოზიცია დატოვა, რომელსაც ის 2015 წლიდან იკავებდა. მისი შემცვლელის ვინაობა იანვარში გახდა ცნობილი. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოქმედებით სადავეებს იტალიელი დიზაინერი საბატო დე სარნო გადაიბარებს, რომელსაც სამუშაო გამოცდილება ისეთ ბრენდებში აქვს მიღებული, როგორებიცაა: Prada, Dolce & Gabbana და Valentino. დე სარნოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი Gucci-ის პირველი კოლექციის ჩვენება 2023 წლის სექტემბერში გაიმართება.