სპეკულაციები იმის შესახებ, რომ იტალიური მოდის სახლის ახალ ერას ახალი გენერალური დირექტორი უხელმძღვანელებდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას გუჩის მფლობელი კომპანიის, Kering-ის პრეზიდენტი და მფლობელი – ფრანსუა პინო ადასტურებს. მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში, ყველასთვის მოულოდნელად, ბრენდი შემოქმედებითმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ დატოვა, ვრცელდებოდა ხმები, რომ გუჩიში გენერალური დირექტორის ცვლილებაც იგეგმებოდა. “თავისთავად ცხადია, რომ მარკო იქნება გუჩის მომდევნო თავის გენერალური დირექტორი. მე ის მჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად წარმატებას მივაღწევთ.” – აღნიშნა ფრანსუა პინომ მოდის პრესის გავლენიან გამოცემასთან, WWD-ისთან საუბარში.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, ალესანდრო მიკელე Gucci-ს შემოქმედებითი დირექტორი მარკოს ინიციატივით გახდა. მაშინ, ბიზარი დილემის წინაშე იდგა, მას ან ძალიან ცნობილი დიზაინერი უნდა აერჩია, ან გაერისკა და უცნობი ადამიანისთვის ენდო ბრენდი. მარკო რისკზე წავიდა და ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ფრიდა ჯანინის უცნობი ასისტენტი, ალესანდრო მიკელე წარადგინა. მიკელეს 7 წლიანი ერა შთამბეჭდავი გამოდგა და მარკომ ამ დროის განმავლობაში, არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, თუმცა პანდემიამ Gucci გამოწვევების წინაშე დააყენა.
კვლავ უცნობია, თუ ვისთან ერთად განაგრძობს მარკო გუჩის ახალი ერის შექმნას, აირჩევს თუ არა ის კვლავ უცნობ სახეს, თუ პირიქით, ამჯერად ბრენდში ცნობილ დიზაინერს მიიწვევს.
აგრეთვე იხილეთ – Gucci x Alessandro Michele – უპრეცედენტო ისტორიის მტკივნეული დასასრული.