Gucci კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. ამჯერად, იტალიურმა ბრენდმა გახმაურებულად დაანონსებული სარეკლამო კამპანია – Gucci Beloved გამოაქვეყნა. ახალი კამპანია 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებებიდან ერთ-ერთია. რეკლამა ჩანთებზე კონცენტრირდება, განსაკუთრებით კი, ბრენდის კლასიკად ქცეულ მოდელებზე, როგორებიცაა: GG Marmont, Dionysus, Horsebit 1955 და Jackie 1961.
კამპანიის სახეებს შორის არიან: James Corden, Diane Keaton, Awkwafina, Dakota Johnson, Harry Styles, Serena Williams და Sienna Miller.
გუჩის შემოქმედებითმა დირექტორმა, ალესანდრო მიკელემ კამპანიის კონცეფციად ჰოლივუდური თოქ-შოუს ფორმატი შეარჩია. როგორც ვიდეოებში ვხედავთ, ჯეიმსი თავის ჩვეულ ამპლუაშია, მას წამყვანის როლი აქვს მორგებული, ხოლო მუსიკის, კინოს და სპორტის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან: დაკოტა ჯონსონი, ჰარი სტაილსი და სერენა უილიამსი, ‘Gucci Beloved Show’ -ს მიწვეულ სტუმრებად გვევლინებიან.
Gucci Beloved Show, ფოტოგრაფი: ჰარმონი კორინი.
“ძალიან მიყვარს ჩანთები, ჩემთვის უსაყვარლესი აქსესუარია, ამიტომ ბუნებრივი იყო, რომ კამპანიას დავარქვით – ‘Beloved’. ეს გამოხატავს ჩემს სიყვარულს და დამოკიდებულებას ჩანთების მიმართ,” – ვკითხულობთ ალესანდრო მიკელეს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რთული და გამოწვევებით სავსე 2020 წლის შემდეგ, გუჩის ფინანსური მდგომარეობა კვლავ გაუმჯობესდა. 2021 წლის პირველ მეოთხედში, მოდის სახლის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 24.6%-იანი ზრდა აჩვენა. გუჩის მფლობელ კომპანიაში, Kering-ში მიღებული შედეგი “კოლექციების სასურველობას, წარმატებულ კოლაბორაციებსა და კლიენტურაზე მორგებულ მრავალ ინიციატივას” დაუკავშირეს. შეგახენებთ, გასულ კვირას, იტალიურმა ბრენდმა კოლექცია ‘Aria’ წარადგინა, რომლის ფარგლებშიც, შედგა გახმაურებული კოლაბორაცია ბალენსიაგასთან.