საუკუნოვანი მოდის სახლის ისტორია არასდროს შედგება ერთი თავისგან. ისეთ ცვალებად და სწრაფ ინდუსტრიაში, როგორიც მოდაა, 100 წელი განსხვავებული ამბების კრებულია. გამონაკლისი არ არის არც Gucci. გუშინ, იტალიური მოდის წამყვანმა ბრენდმა, ასი წლის იუბილე ახალი კოლექციით აღნიშნა. “Aria” – ასე ჰქვია გუჩის კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელეს საიუბილეო ნამუშევარს, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოდური მოვლენა.
როდესაც საუბარია გუჩის 100 წლიან ისტორიაზე, მიუხედავად განსხვავებული ამბებისა, რთულია გავიხსენოთ უფრო ექსტრაორდინალური, სანახაობრივი, კრეატიული, წინააღმდეგობრივი და საინტერესო მომენტი, ვიდრე ტომ ფორდის 10 წლიანი მმართველობა, რომელმაც განსაზღვრა და შთააგონა მოდის მომავალი ათწლეულები.
ტომ ფორდის გუჩისთვის მორგებული იმიჯი და კოლექციები ლეგენდად შეიქმნა, რომელსაც სხვადასხვა დროს, მოდა განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევდა. გუშინ გამართულ ჩვენებაზე, კიდევ ერთი ასეთი ინტერპრეტაცია ვიხილეთ.
ემოციური და სიმბოლურია, რომ გუშინ, Gucci -ს 100 წლის აღსანიშნავი კოლექციის ჩვენება გაიხსნა ლუქით, რომელიც ტომ ფორდის ერის თვალსაჩინო გამოხატულებაა. დიზაინერებს, რომლებიც ცნობილ მოდის სახლებში იწყებენ მუშაობას, თავიანთი ინდივიდუალური ხელწერა გააჩნიათ. სწორედ ეს ხდის მათ კანდიდატურას მიმზიდველს, თუმცა, არანაკლებ პრიორიტეტულია დამაარსებელი, ან ბრენდის ისტორიისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე დიზაინერების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა.
“ხანდახან ხალხს გონია, რომ მოდა უბრალოდ კარგი კაბაა, მაგრამ ასე არ არის. ის უფრო დიდი ანარეკლია ძალიან ძლიერი რაღაცების, ისტორიისა და სოციალური ცვლილების. თუ რაიმე ახლის გამოშვება გინდა, მითუმეტეს დღეს, მეტი ენის ცოდნაა საჭირო,” – ალესანდრო მიკელე.
გუჩის ახალი კოლექცია – “Aria”
შემოქმედებითი დირექტორი: Alessandro Michele