მოდის ინდუსტრიის გაციფრულება, პანდემიის პარალელურად, კიდევ უფრო სარწმუნო და საჭირო გახდა, თუმცა შექმნილმა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ცოტა ხნის წინ, იტალიური მოდის ყველაზე ძვირადღირებულმა ბრენდმა, გუჩიმ ვირტუალური სნიკერი გამოუშვა. სპორტული ფეხსაცმლის ფასი, რომელიც მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს, 12 დოლარს შეადგენს. ახლა, ცნობილი ხდება, რომ გუჩის ‘Dionysus’ მოდელის ჩანთა, ვირტუალურად უფრო ძვირად გაიყიდა, ვიდრე ნამდვილი ღირს.
პოპულარული ჩანთის ციფრული მოდელი ექსკლუზიურად Roblox-ისთვის შეიქმნა. Roblox – ეს არის თამაშების ვიდეო პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს საკუთარ ავატარს სასურველი ტანისამოსი, ან აქსესუარი ჩააცვას.
თამაშების ვიდეო პლატფორმაზე მოქმედებს ვირტუალური ვალუტა, Robux, რომლის საკმარისი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი რეალურ თანხაში კონვერტაცია. Roblox -ის და გუჩის თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებელმა იტალიური ბრენდის ჩანთის ვირტუალური მოდელი 350,000 Robux-ად შეეძლო, რაც უხეშად რომ ვთქვათ, კონვერტაციის შემდეგ, 4,115 დოლარს უდრის. ‘Dionysus Bag’-ის ფიზიკური მოდელის ღირებულება კი, ბევრად ნაკლებს, 3,400 დოლარს შეადგენს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ის, რაც დღეს ირონიულად და სახალისოდ გვეჩვენება, დიდი ალბათობით, მომავლის ტრენდია, რადგან საერთაშორისო პრესაში უკვე აღმოაჩენთ არაერთ სტატიას, რომელიც ამ ინდუსტრიის მომავალზე საუბრისას, ვირტუალური ტანისამოსის ტრენდსაც განიხილავს.