კორონავირუსის პანდემიამ წამყვანი მოდის სახლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც დიზაინერები კომფორტის ზონიდან გამოდიან და ცდილობენ რეალობას ყველაზე კარგად მოერგონ. ჯერ კიდევ მაისში, Gucci-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ალესანდრო მიკელემ გააკეთა განცხადება, რომ იტალიური ბრენდი სეზონურობას გაემიჯნებოდა და სექტემბერში დაგეგმილ მოდის კვირეულში, ტრადიციულ ჩვენებას არ გამართავდა.
Gucci-მ უარი თქვა დამატებითი კოლექციების ჩვენებებზე, გავიხსენოთ ალესანდროს კომენტარი 2020 წლის მაისში: „ვაპირებ, რომ სეზონურობის და ჩვენებების გამართვის ეს გაცვეთილი რიტუალი მივატოვო, რათა ჩემს ექსპრესიულ გაცხადებასთან უფრო ახლოს მდგომ ახალ რიტმს ავყვე. ახალი ისტორიის თავების გასაზიარებლად წელიწადში მხოლოდ ორჯერ შევხვდებით. ეს თავები უჩვეულო, სიხარულის მომტანი და სრულიად თავისუფალი იქნება, რომლებიც დაიწერება წესების და ჟანრების შერევით, ახალი სივრცეებით, ლინგვისტური კოდებით და კომუნიკაციის პლატფორმებით.“
რამდენიმე საათის წინ, WWD -მ ექსკლუზიური სიახლე გაავრცელა, საიდანაც ვიგებთ, თუ რას გულისხმობდა მიკელე თავის „ექსპრესიულ განცხადებასთან უფრო ახლოს მდგომ ახალ რიტმში“.

იტალიელი დიზაინერი ახალ კოლექციას ფილმის სახით წარადგენს. 7 სერიანი ფილმი, ალესანდრომ რეჟისორ Gus Van Sant – თან ერთად შექმნა. ცნობილია, რომ ფილმი გადაღებულია რომში, მონაწილეობენ: Lu Han, Billie Eilish, Harry Styles, Jeremy O. Harris, Florence Welch და სხვა ცნობილი არტისტები, რომლებიც გუჩის სარეკლამო კამპანიებში წარსულშიც გვინახავს. პრეზენტაცია კინოფესტივალის ფორმატით შედგება, რაც გულისხმობს შემდეგს – ყოველდღე ნაჩვენები იქნება ერთი სერია. პირველი სერიის გამოსვლის თარიღია 16 ნოემბერი.

Gucci – ს ფილმის ყველა სერიის ხილვა შესაძლებელი იქნება ციფრულად, როგორც პოპულარულ პლატფორმებზე: Youtube და Weibo, აგრეთვე სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ საიტზე – GucciFest.com.