კვირას, 4 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ჟივანშის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია გაიმართა. ამერიკელი დიზაინერის, მეთიუ უილიამსის სადებიუტო კოლექცია, რომელსაც ამ სეზონზე, მოდის დედაქალაქში, ყველაზე მეტად ელოდნენ, კატალოგით ვიხილეთ, რაც კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდით აიხსნება.

მეთიუ უილიამსი:

„მინდა ჟივანშიში ჩემი პირველი ჩვენება განსაკუთრებული იყოს. შეზღუდვების გათვალისწინებით, დღეს ეს შეუძლებელია. მე ვერ მოვიწვევდი ჩემს მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ადამიანებს, რომლებიც შთამაგონებენ, რათა ჩემთან ერთად გაეზიარებინათ პირველი შოუს გამოცდილება. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირველი კოლექცია კატალოგით წარმოვადგინო და როდესაც შესაძლებლობა მომეცემა, შემდეგ გავმართო შოუ, რომელსაც დაესწრებიან სტუმრები ამერიკიდან, აზიიდან და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება“.

Givenchy გაზაფხული/ზაფხული 2021

მეთიუ უილიამსის სახელი მოდაში ხმამაღლა 2015 წელს გაჟღერდა, როდესაც მან საკუთარი ბრენდი 1017 ALYX 9SM შექმნა, თუმცა სანამ უილიამსი ალიქსამდე მივიდოდა, მისი პორტფოლიო არაერთი აღსანიშნავი კოლაბორაციით შეივსო.

მან 2008 წელს მუსიკალურ ინდუსტრიაში კანიე უესტთან მუშაობით დაიწყო, შემდეგ 2011 წლამდე ლედი გაგას კრეატიული დირექტორის როლი ჰქონდა მორგებული, რასაც ლონდონში ფოტოგრაფ ნიკ ნაითთან თანამშრომლობის დაწყება მოჰყვა. მისი მომდევნო ნაბიჯი ვირჯილ აბლოსთან და ჰერონ პრესტონთან ერთად Been Trill-ის ჩამოყალიბება იყო, 2015 წელს კი საკუთარი ბრენდი ალიქსი შექმნა. მომდევნო წელს ის LVMH Prize-ის ფინალისტებს შორისაც აღმოჩნდა. სწორედ LVMH ფლობს ჟივანშის, ბრენდს, რომელიც სტაბილური 12 წლის შემდეგ, სირთულეების წინაშე დგას. 2016 წლის მიწურულს, ფრანგული მოდის სახლი აღიარებულმა იტალიელმა დიზაინერმა, რიკარდო ტიშიმ დატოვა. ბრენდის შემოქმედებით ხელმძღვანელად ქლოეს ყოფილი დიზაინერი, კლერ უაით კელერი დაინიშნა.

კლერის შემოქმედებითი მიმართულების გაურკვევლობიდან გამომდინარე, ბრენდმა დაკარგა მყიდველები და მღელვარება, რომელსაც ტიში 12 წელი ინარჩუნებდა. 2020 წლის აპრილში,კლერ უაით კელერის 3 წლიანი მმართვალობა დასრულდა და ჟივანშიში პრესტიჟული თანამდებობა კვლავ ვაკანტური გახდა.

Givenchy გაზაფხული/ზაფხული 2021

შემოქმედებითი მემკვიდრეობა მნიშვნელოვანია,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ისტორიის მქონე ბრენდებზე ვსაუბრობთ, თუმცა სხვა ცნობილი მოდის სახლებისგან განსხვავებით, ჟივანშის არ აქვს საკმარისად ძლიერი იდენტობა. გასათვალისწინებელია, რომ ამ ბრენდში არ არსებობს ერთი კონკრეტული ხედვა, რომლის გაგრძელების შემთხვევაში, ახალგაზრდა დიზაინერს აქვს დრო გაიაზროს როგორია გზა, რომელსაც აირჩევს. ეს არის ბრენდი,სადაც საჭიროა ლიდერი, რომელმაც პირველივე დღიდან იცის რომელ მიმართულებას ირჩევს.

მოდის ინდუსტრიის სწრაფი ტემპი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ დიზაინერს 3 წელი ჰქონდეს ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე მოდაში არაფერი მეტყველებს დიზაინერის სისუსტეზე ისე, როგორც ჩამოუყალიბებელი ხედვა.

სწორედ ეს იყო კლერ უაით კელერის ჩავარდნის მიზეზი და ეს იქნება მეთიუ უილიამსის წარმატების საიდუმლო, რომლის განჭვრეტაც უკვე შეგვიძლია.

მეთიუს 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია სავსეა, როგორც Givenchy – ში მისი წინამორბედების შემოქმედების, აგრეთვე ჰელმუტ ლანგის და ტომ ფორდის გუჩის ერის რეფერენსებით, თუმცა ერთი რამ ცხადია – ამერიკელმა დიზაინერმა ზუსტად იცის, რატომ შეაჩერეს არჩევანი სწორედ მასზე.

Givenchy გაზაფხული/ზაფხული 2021

ეს არის კოლექცია,რომელშიც თითქმის ყველა ლუქს, უხდება, თუ არა, სჭირდება, თუ არა, ტანსაცმელს ჩრდილავს, თუ არა, თან დიდი და შესამჩნევი აქსესუარი ახლავს. კოლექცია, რომელზეც ლოტა ვოლკოვამ იმუშავა, სტილისტმა, რომელმაც ბალენსიაგაში დემნა გვასალიასთან თანამშრომლობის შემდეგ, ძალიან კარგად იცის როგორ იყიდება უზარმაზარი ზომის ჩანთები და შეუხედავი ტრენდული ფეხსაცმელები, თუ აუდიტორიამდე სწორად და საჭირო დროს მიიტან.

Givenchy გაზაფხული/ზაფხული 2021

ხედვა ნათელია – მეთიუ უილიამსის „ახალი ჟივანში“ პროდუქტზე ორიენტირებული ბრენდია. თუ ლოტა ვოლკოვას და დემნა გვასალიას კოლაბორაციამ გასული ათწლეულის მოდა განსაზღვრა, ხოლო ბოთეგა ვენეტაში, ტრენდულმა აქსესუარებმა, დანიელ ლის წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მოუტანა, რატომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჟივანშიში უილიამსის ერასაც აქვს მომავალი?!