Louis Vuitton, მოდის უდიდესი კონგლომერატის, LVMH-ის უდიდესი ბრენდი, უძრავი ქონების, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში, პირველ დიდ ნაბიჯს ახლო მომავალში გადადგამს. გავრცელებული ინფორმაციით, Louis Vuitton-ის პირველი სასტუმრო შანზ-ელიზეს 103 ნომერში გაიხსნება, შენობაში, რომელიც როგორც აქამდე იყო ცნობილი, LVMH-ის კიდევ ერთი ცნობილი ბრენდის, დიორის განკარგულებაში რჩებოდა. დიორის ნაცვლად, ახლა გიგანტურ შენობაში, რომელსაც სტრატეგიულად ძალიან მომგებიანი ლოკაცია აქვს, სწორედ ლუი ვიტონი გადავა.
”პანდემიამდე იყო გადაწყვეტილი, რომ Dior მიიღებდა შანზ-ელიზეს 103-ს, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, რა გავლენას მოახდენს ლუი ვიტონის მდიდრული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მთელ გამზირზე!” – აღფრთოვანებული აღნიშნავს უძრავი ქონების ერთ-ერთი აგენტი, Fashion Network-თან დიალოგში. მისივე ვარაუდით, LVMH, რომელსაც ხელმძღვანელობს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ბერნარ არნო, წელიწადში დაახლოებით 60 მილიონი ევროს ქირას უხდის ყატარის სამეფო ოჯახს, რომელიც ფლობს შანზ-ელიზეს 103 ნომერში მდებარე გიგანტურ შენობას.
შანზ-ელიზე პარიზში ყველაზე ცნობილი გამზირია და არა მხოლოდ – 2022 წელს, სავაჭრო მარკეტის კვლევის კომპანიამ, Locatus-მა ევროპის 34 დიდი ქალაქი შეისწავლა და შოპინგის მოყვარულთათვის ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ქუჩები გამოავლინა. ყოველდღიურად 45,500 ვიზიტორით, შანზ-ელიზე ევროპაში ტოპ ხუთეულში მოხვდა.