რვა წელი გადის მას შემდეგ, რაც ბარბადოსელმა ვარსკვლავმა თავისი ბოლო სტუდიური ალბომი, “Anti” გამოუშვა, რაც თანამედროვე მუსიკის ტემპის გათვალისწინებით, პაუზისთვის საკმაოდ დიდი დროა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წლები, რიანასთვის, როგორც კარიერაში, აგრეთვე პირად ცხოვრებაში, წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, გულშემატკივრები სულმოუთქმენლად ელიან სიახლეს რიანას ახალი ალბომის და მუსიკაში სრულფასოვანი დაბრუნების შესახებ.
ცოტა ხნის წინ, საერთასორისო პრესა მოიცვა ჭორებმა, რომ 35 წლის ვარსკვლავი 2024 – 2025 წლებში, მსოფლიო ტურნესთვის ემზადება, რომელიც ახალ ალბომს მოჰყვება. მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, რიანამ უკვე გააფორმა 39 მილიონ დოლარად შეფასებული კონტრაქტი Live Nation-თან, რომელიც მისი გახმაურებული დაბრუნების წინაპირობაა და არტისტს არა ერთი, არამედ ორი ალბომისთვის საკმარისი მასალა უკვე ჩაწერილი აქვს. ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ დასტურდება მომღერლის მიერ.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, რიანა და Asap Rocky მეორე ბავშვის მშობლები გახდნენ. რიანას მეორე ორსულობის შესახებ ცნობილი ამერიკული Superbowl-ის სცენიდან გახდა, სადაც არტისტმა 14 წუთიან შოუზე თავისი კარიერის უდიდესი ჰიტები შეასრულა. შოუზე, რომელსაც პირდაპირ ეთერში 100 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უყურა, რიანას Loewe -ს წითელი კომბინიზონი ამშვენებდა. ესპანურმა ბრენდმა Loewe-მ, რომელსაც შემოქმედებითად ირლანდიელი დიზაინერი, ჯონათან ანდერსონი ხელმძღვანელობს, რიანას კომბინიზონი გაყიდვაში ახლახან გამოუშვა და მისი ღირებულება 2,900 დოლარია.