ინდოელი დიზაინერი, რომელმაც ბოლო წლებში საერთაშორისო ვარსკვლავების ყურადღება დეტალებზე ორიენტირებული ექსტრავაგანტული კოლექციებით მიიქცია, კიდევ ერთხელ მოექცა მოდის პრესის ყურადღების ცენტრში. Gaurav Gupta ერთ-ერთია იმ ათობით ცნობილი დიზაინერიდან, რომელთა კოსტიუმებიც ამერიკელმა სუპერ-ვარსკვლავმა, ბიონსემ Renaissance-ის მსოფლიო ტურნეზე მოირგო.

ინდოელი დიზაინერი – Gaurav Gupta

მიუხედავად იმისა, რომ 10 მაისიდან დღემდე, ბიონსემ მუსიკალურ ტურზე, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, უკვე 100-ზე მეტი განსხვავებული ლუქი წარადგინა, ინდოელი დიზაინერის ნამუშევრები მაინც გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. Gaurav Gupta ჩვენებებს პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე აწყობს, სწორედ, პარიზში აღმოაჩინა ბიონსეს სტილისტების გუნდმა ინდოელი დიზაინერის ნამუშევრები. „მას შემდეგ რაც სტილისტმა პოდიუმზე ნახა ლუქები და შეარჩია, ჩვენ მოვარგეთ ისინი ბიონსეს ზომებს და გავგზავნეთ ლოს-ანჯელესში, “- განუცხადა Gaurav Gupta-მ გამოცემა Insider-ს.

ბიონსე Gaurav Gupta -ს ოტ-კუტიურ კოსტიუმებში

მსოფლიო ტურნეზე ბიონსემ დიზაინერის უკვე 3 ოტ-კუტიურ კოსტიუმი მოირგო. როგორც Gaurav Gupta აღნიშნავს, მათ შექმნას 1500 საათზე მეტი დაუთმო.