შანელის მოდის იმპერიაში ცოტა რამ არის იმდენად საკულტო, რამდენადაც ბრენდის საერთაშორისოდ აღიარებული პარფიუმის ხაზი, რასაც ისტორიისა და გამორჩეული სურნელის შექმნის უნიკალური ტექნიკისა, სარეკლამო კამპანიებიც განაპირობებს.

წლების განმავლობაში, შანელი ყველაზე დიდ რესურს სწორედ სუნამოების რეკლამირებაში ხარჯავდა. თანამედროვე კინოსა და მოდის მოწინავე რეჟისორების, მსახიობების, თუ სუპერმოდელების დახმარებით, ფრანგულმა ბრენდმა თავის ყველა აღიარებულ სურნელს დასამახსოვრებელი იმიჯი მოარგო.

Bleu de Chanel შანელმა 2010 წელს წარადგინა, როგორც 2004 წლის შემდეგ, ბრენდში მამაკაცის პირველი სურნელი. მამაკაცის პარფიუმის ბიზნესში დაბრუნება მოდის სახლმა გახმაურებული მარკეტინგული აქტივობებით აღნიშნა.

სუნამოს სახედ ფრანგი მსახიობი გასპარ ულიელი შეირჩა. გასპარი არა მხოლოდ ბრენდის ახალი პროდუქტის წარმდგენი, არამედ შანელისთვის პირველი მამაკაცი ამბასადორი გახდა. კამპანია ლეგენდარულმა რეჟისორმა მარტინ სკორსეზემ გადაიღო.

სარეკლამო კამპანია ამერიკულ არხებზე პირველად 2010 წლის ზაფხულში გაეშვა და იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, შანელი ახალგაზრდა ფრანგ მსახიობთან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა. ულიელი სურნელის უცვლელ სახედ იქცა და მოდის სახლის ამ საკულტო სურნელს რეკლამას 2022 წლამდე, გარდაცვალებამდე უწევდა.

გასპარი გასული წლის იანვარში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სრიალის დროს მომხდარი ინციდენტის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ მსახიობმა თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ულიელის გარდაცვალებიდან ერთ წელში, ფრანგულმა ბრენდმა Bleu de Chanel -ის ახალ სახედ თანამედროვე კინო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი – ტიმოთი შალამე წარადგინა. ახალი სარეკლამო კამპანიაც, როგორც Bleu de Chanel -ის პირველი – მარტინ სკორსეზემ გადაიღო.