თანამედროვე მოდაში, H&M -ის კოლაბორაციები უნიკალურ ფენომენად იქცა. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მას შემდეგ, რაც 2004 წელს, H&M-მა მაღალი მოდის ბრენდებთან კოლაბორაციების სერია კარლ ლაგერფელდთან თანამშრომლობით დაიწყო, მოდის დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი თავი გაიხსნა.

H&M-ის უახლესი კოლაბორაცია, რომლის შესახებაც 2 ოქტომბერს გახდა ცნობილი, Rabanne -სთან შედგა. ლეგენდარულმა ესპანელმა დიზაინერმა, პაკო რაბანმა საკუთარი მოდის სახლი 1966 წელს დააარსა. ფუტურისტული კოლექციებით, პაკო რაბანმა მალევე გაითქვა სახელი. მან უდიდესი მემკვიდრეობა დატოვა არა მხოლოდ მოდის დიზაინის, არამედ ხელოვნების ბევრ სხვა მიმართულებაშიც. ამჟამად, Rabanne-ს ფრანგი დიზაინერი, ჟულიენ დოსენა ხელმძღვანელობს.

დოსენა საკულტო ბრენდის შემოქმედებით დირექტორად 2013 წელს დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, Rabanne კიდევ ერთხელ იქცა მოდის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ბრენდად. ჟულიენისთვის წარსული მნიშვნელოვანია, თუმცა იგი მომენტის მნიშვნელობასაც აფასებს და ყოველთვის ცდილობს მოერგოს თანამედროვე მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს. ჟულიენ დოსენას ხელმძღვანელობით შეიქმნა H&M -თან უახლესი კოლაბორაციული კოლექციაც, რომელიც გაყიდვაში 9 ნოემბერს გამოვა. ჩვენი მკითხველისთვის სასიხარულო სიახლეს კი, წარმოადგენს ის, რომ 9 ნოემბრიდან, Rabanne x H&M ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც.

Julien Dossena, ფოტოგრაფი: Paolo Roversi.
H&M -თანამშრომლობით, გთავაზობთ Fashionholics Online-ის ექსკლუზიურ ინტერვიუს Rabanne-ს შემოქმედებით ხელმძღვანელთან, ჟულიენ დოსენასთან:

Rabanne-ის ბრენდი ცნობილია კოლექციებით, რომლებიც ფუტურისტული ხედვით, ახალი ტექნოლოგიებისა და უნიკალური მასალების გამოყენებით იქმნება. როგორ ინტეგრირდა ბრენდის DNA ახალ კოლაბორაციაში H&M-ის იდენტობასთან?

ჩემთვის ეს თანამშრომლობა ერთმანეთისაგან სწავლის შესაძლებლობა იყო, Rabanne-ის მხრიდან, ჩვენი სახლის საკულტო დიზაინების გაზიარება, H&M-ისგან – წარმოების, გლობალური დისტრიბუციისა და მარკეტინგული რესურსების.

ჩვენი ბრენდი radical chic-ისა და ჩაცმადი კოლექციების სინთეზურობით ხასიათდება – ჩემი სურვილია შევქმნა სამოსი, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ატარებენ და არა მხოლოდ წვეულებებისთვის. იგივე სინთეზია წარმოდგენილი აქაც, H&M-ის კოლექციაშიც, ის შთაგონებულია 1970-იანი წლების აუზის წვეულებების ცხოვრების სტილითა და ძლიერი დიზაინის ესთეტიკით, რომელიც თანამედროვეობის განცდას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გვანიჭებს.

H&M უკვე არაერთი წელია გვთავაზობს გახმაურებულ კოლაბორაციებს სხვადასხვა მოდის სახლებთან, რით იქნება Rabanne x H&M გამორჩეული?

როდესაც H&M-მა თანამშრომლობის იდეით მოგვმართა, საკმაოდ ბევრი ვიფიქრე. H&M-ს მაღალი მოდის დიზაინერებთან და ბრენდებთან პარტნიორობის დიდი ისტორია აქვს: პირველი თანამშრომლობა 2004 წელს, კარლ ლაგერფელთან შედგა. პროექტის დაწყებამდე, შთაგონებისთვის თვალი გადავავლე გასულ კოლაბორაციებს, უფრო კონკრეტულად, ვიხილე Versace-ს შექმნილი კოლაბორაცია.

ჩემთვის ყველაზე წარმატებული ის თანამშრომლობები იყო, სადაც მოდის სახლებმა თავიანთი მემკვიდრეობიდან, ბევრი საკულტო დიზაინი წარმოადგინეს. ამიტომ მინდოდა შემომეთავაზება Rabanne-ს საკულტო ხაზები – ჯაჭვის კაბები, მბზინავი ნაწილები და აქსესუარები, უფრო მეტი ადამიანისთვის და უფრო ხელმისაწვდომ ფასად. ეს ნივთები მოდის მემკვიდრებაში უნიკალურად რჩება. იმედი მაქვს, რომ ამ კოლაბორაციით, მათ კიდევ უფრო მეტი ადამიანი შეიყვარებს.

რა იყო კოლექციის მთავარი შთაგონება?

H&M-ის გუნდთან ჩვენი პირველი შეხვედრა 18 თვის წინ, პარიზში შედგა, სადაც განვიხილეთ თუ რა მოსწონდათ ჩვენ ბრენდში და რისი მიღწევა სურდათ კოლაბორაციით. მათ შემოქმედებითი თავისუფლება მომცეს და გამოხატეს სურვილი რომ მოესმინათ ჩემი შეთავაზება. მეორე შეხვედრაზე წარვადგინე იდეა – 1970-იანი წლების წვეულება აუზზე, ჰელმუტ ნიუტონის მუხტით, კარგ განწყობაზე მყოფი ადამიანები, ზოგი აუზში, ზოგიც სავარძელზე კარტს თამაშობს. მხიარული განწყობის მიღება მსურდა, ისევე როგორც ბალანსი რადიკალურ დიზაინსა და სიმარტივეს შორის, პლუს Lifestyle. ხასიათში პრაგმატული მხარეც მაქვს და მსურს რომ ჩემი ტანისამოსი მარტივად ტარებადი იყოს. როგორც უკვე აღვნიშნე, კოლექციაზე მუშაობისას, ბრენდის საკულტო ნამუშევრები გამოვიყენეთ, რადგან ეს ძალიან მნიშველოვანია და ასევე ვიზრუნეთ იმაზე, რომ კოლაბორაციაში იყოს დასასვენებელი და ყოველდღიური ტანისამოსი. ეს ბალანსი საჭიროა და ვიმედოვნებ, რომ კოლექციაში ყველა იპოვის თავისთვის საყვარელ ნივთს.

რომელ ნივთებს გამოარჩევდით კოლექციიდან?

ნივთები, რომლებითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, არის ჯაჭვის დიზაინები, რადგან ეს არის ის, რაზეც H&M-ის წარმოების გუნდმა მიმწოდებლებთან ძალიან ბევრი იმუშავა. დასაწყისშივე გარკვევით აღვნიშნე, რომ მინდოდა საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა და უმაღლესი ხარისხი კოლექციისთვის. ბევრი წელია ვცდილობთ მეტალის ქსოვილის უფრო მდგრადი ვერსიის ჩამოყალიბებას. ტრადიციული და გადამუშავებული მეტალის შერევით, H&M-მა მოახერხა მიეღო ქსოვილი, რომელსაც ისეთივე ბზინვარება და გამძლეობა აქვს, როგორიც ორიგინალს. ეს საამაყო მომენტი და გაკვეთილია მომავლისთვის. კოლექციაში სხვა გამორჩეული ნივთებიც არის, მაგრამ კიდევ ერთი ჩემი პირადი ფავორიტი 1930-იანი წლების სტილის შიფონის მაქსი-კაბაა, რომელსაც ძალიან ლამაზი ჭრა აქვს და ასევე საკულტო ხაზები, ბზინავი კაბები, რომლებიც ერგება მხიარულ განწყობას.