ლონდონში მოდის 2022 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც ბრიტანული და საერთაშორისო მოდის წამყვანი სახეები დაესწრნენ. საღამოს მთავარი ჯილდო ვალენტინოს შემოქმედებით დირექტორს, პიერპაოლო პიჩოლის გადაეცა. პიჩოლი წლის საერთაშორისო დიზაინერად დაასახელეს. მასთან ერთად წარდგენილნი იყვნენ: მიუჩია პრადა, მეთიუ ბლაზი, ჯონათან ანდერსონი და დემნა.
აღსანიშნავია, რომ წლის საერთაშორისო დიზაინერის კატეგორიაში გამარჯვებას დემნას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა როგორც WWD და ბრიტანეთის მოდის საბჭოს ოფიციალური წყაროები განმარტავენ, მიმდინარე სკანდალის ფონზე, დემნამ ლონდონში ჩასვლაზე და დაჯილდოებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.
რაც შეეხება სხვა მნიშვნელოვან ნომინაციებს, წლის მოდელის ჯილდო ბელა ჰადიდმა დაიმსახურა, ხოლო წლის დამოუკიდებელი ბრიტანული ბრენდი Wales Bonner გახდა.