ფრანგულ მოდის სახლს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს. გასული 4 ათწლეულის განმავლობაში, Eric Pfrunder კარლ ლაგერფელდის მარჯვენა ხელი იყო, როდესაც საქმე ბრენდის სარეკლამო კამპანიებს და იმიჯს ეხებოდა. შანელის წარმომადგენელმა პრესასთან საუბარში აღნიშნა, რომ ერიკმა დაკავებული პოზიციის დატოვება თავად მოისურვა, თუმცა გუშინ გავრცელებულ სიახლეს მაინც მოჰყვა განსხვავებული და წინააღმდეგობრივი რეაქციები.

2019 წელს, ლეგენდარული გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, Eric Pfrunder შეუერთდა შანელის ახალ კრეატიულ დირექტორს, Virginie Viard-ს, როგორც ბრენდის სარეკლამო კამპანიების შემოქმედებითი თანადირექტორი. ერიკი და ვირჯინია ბრენდის იმიჯსა და კამპანიებზე ერთად მუშაობდნენ, თუმცა ბოლო დროს, ინდუსტრიაში ხშირად უსვამდნენ ხაზს ვიარდის გაზრდილ გავლენას. მიუხედავად საკამათო კოლექციებისა, Chanel -ში, ვირჯინია ვიარდის პირველი წელი კომერციულად ძალიან წარმატებული გამოდგა.

გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ კომერციულმა წარმატებამ განაპირობა ვიარდის გავლენის მკვეთრი ზრდა ბრენდის ყველა მიმართულებაზე, მათ შორის სარეკლამო კამპანიებზე. შედეგად, პფრიუნდერის ხედვა, ყოველ სეზონზე, უფრო და უფრო შეუმჩნეველი გახდა.

Eric Pfrunder & Karl Lagerfeld

აქვე უნდა ითქვას, რომ ერიკი არ არის ერთადერთი, ლაგერფელდის ახლო გარემოცვიდან, რომელმაც უახლოეს წარსულში, ბრენდი დატოვა. Amanda Harlech, კარლის მუზა და კოლაბორატი, შანელის ოტ-კუტიურ შოუს არა კულისებიდან, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა, არამედ წინა რიგიდან ადევნებდა თვალს, როგორც მიწვეული სტუმარი.