სკანდალური ფრანგი დიზაინერის, ედი სლიმანის ხელმძღვანელობით, Celine -ს წარმატებაზე საერთაშორისო მედია აქტიურად წერს. ბრენდის კომერციული ზრდა დასტურება ციფრებით, რომელიც გასულ ოთხ წელში, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, გაორმაგდა.

სანამ სლიმანი Celine -ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნებოდა, იგი Dior-ისა და Saint Laurent-ის მოდის სახლებსაც ხელმძღვანელობდა, გამომდინარე აქედან, მოდის მოყვარულებისთვის უცხო არ არის მისი ინდივიდუალური მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და უნარი შექმნას მაღალი ხარისხის პრაქტიკული სამოსი, კონკრეტული ერის, მუსიკალური ჟანრისა თუ კულტურის შთაგონებით.

ედის ესთეტიკაში დიდ როლს თამაშობს ტყავის ნაწარმი, წვრილი სილუეტები, ჯინსი და მოდური ყოველდღიური სტილისათვის დამახასიათებელი ყველა საჭირო დეტალი. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ Celine -ს ბრენდის იდენტობაში მაღალი ხარისხის ყოველდღიური სტილი ედი სლიმანამდე ფიბი ფაილომ სრულყო, თუმცა ფაილოსგან განსხვავებით, სლიმანი Celine-ს წითელი ხალიჩის ბრენდად პოზიციონირებაზეც მუშაობს. ეს კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოჩნდა კანის კინოფესტივალზე.

ფოტოები კანის კინოფესტივალიდან, ვარსკვლავებს აცვიათ Celine:

კაია გერბერი

ნაომი ქემბელი

კარლა ბრუნი

დუა ლიპა

წითელ ხალიჩაზეც ედის ხელწერა მარტივი და მინიმალისტურია, თუმცა ამავდროულად გლამურული. ედი, რომელიც თავისი მშობლიური საფრანგეთის შემდეგ, ყველაზე დიდ დროს ლოს-ანჯელესში ატარებს, ჰოლივუდური გლამურით არის შთაგონებული. მისი ხედვა წითელი ხალიჩის სამოსისადმი შესაძლოა იყოს ერთფეროვანი და არ გამოირჩეოდეს თვალისმომჭრელი ფორმებითა თუ ფერებით, მაგრამ როგორც ყოველდღიური ხაზის შემთხვევაში, მიმზიდველი და უსაფრთხოა.