კარლ ლაგერფელდის ბრწყინვალე კარიერა Chanel-ის გარდა, სხვა ბრენდებსაც მოიცავს, თუმცა მისი სახელი ყველაზე მეტად სწორედ ამ დიდებულ ფრანგულ სახლთან ასოცირდება. ლაგერფელდი შანელის მოდის სახლს სათავეში 1983 წელს ჩაუდგა, იგი კრეატიული დირექტორის თანამდებობას სიცოცხლის ბოლომდე, 2019 წლის 19 თებერვლამდე იკავებდა. გამომდინარე აქედან, ცხადი იყო, რომ 2023 წლის მეტ გალაზე, რომელიც კარლ ლაგერფელდის შემოქმედებას ეძღვნებოდა, Chanel-ის არქივული კოლექციებს ვიხილავდით. ერთ-ერთი გამორჩეული ლუქი ალბანური ფესვების, ინგლისელმა მომღერალმა, დუა ლიპამ მოირგო.

კაბა Chanel-ის 1992 წლის ოტ კუტიურ კოლექციიდანაა, რომელიც პოდიუმზე გერმანელმა სუპერმოდელმა და კარლ ლაგერფელდის მუზამ, კლაუდია შიფერმა წარადგინა.

დუას სტილისტებმა ორიგინალ ლუქში მცირე, თუმცა თვალისმომჭრელი ცვლილება მაინც შეიტანეს. Tiffany & Co.-ს ბრილიანტის ყელსაბამმა დუას კოსტიუმის სრულყოფაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

Vogue -ის ინფორმაციით, ლიპა გახდა პირველი ვარსკვლავი, რომელმაც Tiffany & Co.-ს ახალი ლეგენდარული ბრილიანტი მოირგო. თეთრი ბრილიანტი 100 კარატზე მეტია და ბრენდის საკულტო ყვითელი ალმასის ფორმას იმეორებს.

ვიდეო Met Gala -ს წითელი ხალიჩიდან: