გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ნათლად გამოჩნდა, რომ მოდის ინდუსტრიის ლიდერები ახალი მიმართულებების ათვისებასა და განვითარებაზე სერიოზულად ფიქრობენ. ასე მაგალითად, გასულ წელს, ჯორჯო არმანიმ Armani Hotels-ის დაფუძნების 10 წლის იუბილე აღნიშნა და საუდის არაბეთში კიდევ ერთი სასტუმროს გახსნა დააანონსა. ტენდენცია აქტუალურია საფრანგეთშიც, LVMH, მოდის ინდუსტრიის უდიდესი კონგლომერატი, ლუი ვიტონის ბრენდის ქვეშ სასტუმროების, რესტორნებისა და კაზინოების ქსელის შექმნაზე მუშაობს.

როგორც ჩანს, ამ მხრივ ჩამორჩენას არც დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა აპირებენ. Reuters, Business Time, News Italy 24 და სხვა გამოცემები ავრცელებენ სიახლეს, რომ იტალიურმა ბრენდმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთსა და მალდივებზე თანამშრომლობა დაიწყო ადგილობრივ კომპანიებთან, რომლებიც სპეციალიზდებიან უძრავი ქონების ბიზნესში, უფრო კონკრეტულად კი, ძვირადღირებულ ე.წ. ლაქშერი სასტუმროებში. აშშ-ში დოლჩე & გაბანას პარტნიორი იქნება DS Development Group, ესპანეთში – Sierra Blanca Estates, ხოლო მალდივებზე – DarGlobal.

ზემოხსენებული სამი პროექტის შესახებ, ჯერ-ჯერობით, დოლჩე & გაბანას წარმომადგენლები დამატებით დეტალებს არ ავრცელებენ, თუმცა ბუნებრივია რომ ახლო მომავალში, იტალიური მოდის სახლისგან მასშტაბურ პროექტებს მოდისა და თავის მოვლის ინდუსტრიების მიღმაც უნდა ველოდოთ.