ფემინისტური თემატიკით ცნობილი მარია გრაცია ქიურისთვის მუზების მეომრებად წარმოჩენა სიახლე ნამდვილად არაა. მან კრისტიან დიორისთვის ახალი კოლექცია სწორედ მებრძოლი ქალების ინსპირაციით შექმნა, რომლებიც 1950-იან წლებში, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის პარიზში მოღვაწეობდნენ. დღესდღეობით, დიორის მოდის სახლის მუზები აქტივიზმითა და ქველმოქმედებით არიან დაკავებული, ისინი არიან: შარლიზ თერონი, გალ გადოთი, ჯისუ, მეიზი უილიამსი, ბელა რემზი, დევა კასელი და ა.შ.

“მე ყოველთვის ვიყავი ქალურობის თაყვანისმცემელი, სრული თავისი კომპლექსური შემადგენლობით, რომელიც მხოლოდ ერთი სახით არასდროს გვინახავს. ასე რომ, ყოველთვის, როდესაც შემიძლია კონტრასტით თამაში და ერთმანეთთან შეხამება უხეში და რბილი სილუეტების, ამას დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.” განუცხადა WWD-ს შარლიზ თერონმა, რომელმაც ჩვენებაზე დიორის სენსუალური, შამპანიურისფერი კაბა, შავი ქურთუკი და მძიმე ჩექმები მოირგო.

მეიზი უილიამსის გადაპარსული თავის გასაიდუმლოებული მიზეზიც ცნობილი გახდა – მან ეს Apple TV-ს ახალი სერიალისთვის “The New Look”-ისთვის გააკეთა, რომელშიც მსახიობი ქეთრინ დიორის როლს ასრულებს (ქეთრინი მარია გრაცია ქიურისთვის ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია გახდა ახალი კოლექციის შექმნისას). “[ქეთრინის] როლის შესრულება ცოტა არ იყოს შემზარავი იყო, თუმცა ის წარმოუდგენელი სიძლიერის მქონე ქალია,” გაუმხილა მეიზიმ WWD-ს, “ჯასტინ პიკარდის წიგნის მეშვეობით ქეთრინის ცხოვრებაზე ბევრი რამ შევიტყვე, სხვა დანარჩენთან ერთად, ისიც, თუ რამხელა როლი ითამაშა ქეთრინმა კრისტიანის ცხოვრებაში. შემდეგ თავის გადაპარსვა, წონაში დაკლება და კიდევ ბევრი ფიზიკური ტრანსფორმაცია მომიწია. ეს რთული, თუმცა წარმოუდგენელი გამოცდილება იყო.”

Game of Thrones-ის ქასთიდან დიორის წინა რიგებში კიდევ ერთი მებრძოლი ვარსკვლავი გამოჩნდა – ბელა რემზი, რომელიც ცოტა ხნის წინ ეკრანებზე კვლავ დაბრუნდა, სერიალში “The Last of Us”. ეს ბელასთვის პირველი ვიზიტი იყო პარიზში, ისევე, როგორც დიორის ჩვენებაზე. WWD-სთან საუბარში ახალგაზრდა მსახიობმა აღნიშნა, რომ მისთვის რთულია უცაბედ პოპულარულობასთან გამკლავება, თუმცა უხარია, რომ სერიალის მაყურებლისთვის მისი პერსონაჟი ახლოა. “ეს გამოცდილება მორევს გავს, თუმცა გასული წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო იყო.” ამასთან მან დიორის ლუქზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ჩვენებისთვის ეცვა, “ეს სიგიჟეა! რეალურ ცხოვრებაში ასე არასდროს მაცვია, დღეებს სპორტულ სამოსში ვატარებ, მაგრამ ახლა ვცდილობ უბრალოდ დავტკბე მომენტით.”